17 ნოემბერი 2024,   17:37
ვრცლად
ქინძმარაული პუტინის ფორმის თიხის ჭურჭელში - ღვინოს ქართული კომპანია ასხამს

ქინძმარაული რუსეთის პრეზიდენტის ფორმის თიხის ჭურჭელში ქართულმა ღვინის კომპანიამ ჩამოასხა. შესაბამისი ფოტო „კურიერს“ აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვართან მდებარე ერთ-ერთი მაღაზიიდან მიაწოდეს.

ღვინოს კომპანია „იბერია“ 50 ლარად ყიდის. ამავე კომპანიის თბილისის მაღაზიაში „კურიერს“ განუცხადეს, რომ პუტინის შეფუთვით ქინძმარაული დედაქალაქშიც იყიდებოდა. ამავე მაღაზიაში, თითქმის, ყველა თაროზე დევს იოსებ სტალინის და საბჭოთა სიმბოლიკით ეტიკეტირებული ღვინის ბოთლები.

”იბერიის“ ხელმძღვანელი კი ამტკიცებს, რომ პუტინის ეტიკეტით ღვინოს არ აწარმოებენ. ვასილ სიდამონიძის განცხადებით, კომპანია სტალინის და საბჭოთა სიმბოლიკის ჭურჭელში ღვინოს მოგების მიზნით ასხამს.

რუსულ საფრთხეებზე მომუშავე ექსპერტები ამბობენ, რომ კომპანიების მიერ ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს ხელს მთავრობის არათანმიმდევრული პოლიტიკა უწყობს. მათი განცხადებით, რუსეთის მიმართ მთავრობის ლოიალურმა დამოკიდებულებამ მარგინალური ჯგუფები წაახალისა.

საქართველოს კანონის თავისუფლების ქარტიის მიხედვით, საჯარო სივრცეში საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება აკრძალულია. თუმცა, ამავე კანონის თანახმად, იოსებ სტალინი საბჭოთა სიმბოლოდ არ ითვლება. მწერალი და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი ლაშა ბაქრაძე ამბობს, რომ კანონი შავი ხვრელების შესაძლებლობას არ უნდა ტოვებდეს.

ღვინის კომპანია ”იბერიამ“ იოსებ სტალინისა და საბჭოთა სიმბოლიკის ეტიკეტირება, დაახლოებით, 3 წლის წინ დაიწყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები