17 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
აუდიტის სამსახურის საგანგაშო დასკვნა - ინფექციური დაავადებების გავრცელების მთავარი წყარო, სტომატოლოგიური კლინიკებია

აუდიტის სამსახურის საგანგაშო დასკვნა - ინფექციური დაავადებების გავრცელების მთავარი წყარო, სტომატოლოგიური კლინიკები აღმოჩნდა. შემოწმების საფუძველზე გაირკვა, რომ სტომატოლოგიური კლინიკების თითქმის ნახევარი კანონის და სტანდარტების დარღვევით მუშაობს. აუდიტის დასკვნაში წარმოდგენილია ბოლო სამი წლის მონაცემები. 

შავ სიაში მოხვდა რამდენიმე სტაციონარული დაწესებულებაც. ისეთი მძიმე ინფექციების გავრცელების წყარო, როგორიც არის შიდსი, C ჰეპატიტი, ტუბერკულოზი - საქართველოში სწორედ სამედიცინო დაწესებულებებია. 

დასკვნაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში არ არის შემუშავებული ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ერთიანი ეროვნული სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა. ასევე საუბარია კანონმდებლობის ხარვეზებზე, რადგან კანონმდებლობა, ერთი მხრივ, ავალდებულებს დაწესებულებას აღრიცხოს ნოზოკომიური ინფექციები და მეორე მხრივ, არ მოითხოვს მათი დადასტურებისთვის აუცილებელ ერთ-ერთ ინსტრუმენტს − მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიას. შესაბამისად, საქმიანობის დაწყების ეტაპზე არ არის განსაზღვრული მექანიზმი, რისი მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა სტაციონარული დაწესებულებების მიერ ნოზოკომიური ინფექციების გამოვლენა, დადასტურება და აღრიცხვა. დეტალურად გაწერილი მეთოდოლოგია არ არის შემუშავებული, რომლის მიხედვით, რეგულირების სააგენტო უნდა ახორციელებდეს სამედიცინო დაწესებულებების კონტროლს. 

აუდიტის სამსახური ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით მიმართვას, რომ კლინიკების კონტროლის მექანიზმი კანონმდებლობის დონეზე მოაწესრიგოს. 

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აპირებენ, აუდიტის სამსახურის რეკომენდაციები გაითვალისწინონ. დავით სერგეენკოს მოადგილე განმარტავს, რომ კლინიკების კონტროლის მექანიზმი ეტაპობრივად უფრო მკაცრდება. თამარ გაბუნიას თქმით, ამ ეტაპზე კონტროლი ორ ეტაპად ხორციელდება, პირველი გულისხმობს მხოლოდ გაფრთხილებას, ხოლო მეორე ეტაპი უფრო მკაცრია.

 

დღის ამბები