17 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
პრეზიდენტის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დაკავებულები - სასამართლო დღეს ლექსო მაჭავარიანის და კახა კვეკვესკირის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს

9 მაისს ანტისაოკუპაციო აქციაზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების ლექსო მაჭავარიანის და კახა კვეკვესკირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სასამართლომ მათთვის აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს.

ორივე მათგანი პროცესის დაწყებამდე ვაკე-საბურთალოს პოლიციაში დაიბარეს და დაკავების ოქმი გააცნეს. ბრალდებულები  დანაშაულს არ აღიარებენ.

ლექსო მაჭავარიანი თვლის, რომ პრეზიდენტისთვის „მოღალატის“ წოდება კანონით არ იკრძალება  და ეს მისი დაცული უფლებაა.

„დამაკავეს 9 მაისს. დაკავების ოქმში ჩაწერეს, რომ დაკავებული იმის გამო, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ვუწოდე მას მოღალატე. მე, რა თქმა უნდა, არ ვთვლი, რომ მოღალატის წოდება პრეზიდენტისთვის ეს არის დანაშაული. ეს დაცული უფლებაა ჩემი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების. აი, დღეს სასამართლო იქნება და მე იმედი მაქვს, რომ სასამართლო არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც შეზღუდავს ჩვენს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას,“- განაცხადა მაჭავარიანმა.

სამოქალაქო აქტივისტი კახა კვეკვესკირი, რომელიც ასევე საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის გამო  დააკავეს,  ღიად აცხადებს, რომ აღნიშნული პროტესტის ფორმა მან მიზანმიმართულად გამოიყენა.

„ჩვენ ჩვენი სტიკერები გვაქვს, იქ მართლაც ჩანს პუტინის სახის ფიგურა და აწერია „რუსეთი ოკუპანტია.“ ეს პროტესტი ფორმაა და გამოვიყენე მიზანმიმართულად, შეგნებულად, ამას არ უარვყოფ და არც მეშინია ამის აღიარება,“- განაცხადა კვეკვესკირმა.

დღის ამბები