„თუ დააკავეს, ჩემი მეუღლის მაგივრად დავდგები პარლამენტის წინ,“ - ეს განცხადება თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, მედიკო მარგოშვილმა სუს-ის შენობის წინ გააკეთა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვა უკვე სამი საათია, მიმდინარეობს.
მედიკო მარგოშვილის თქმით, თუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვის შემდეგ, მის მეუღლეს დააკავებენ, პარლამენტის წინ მშვიდობიან აქციას ის გამართავს.
„თუ დააკავეს, ძალიან კარგად შევძლებ, ჩემი მეუღლის მაგივრად დავდგები პარლამენტის წინ. თუ მკვდარს გამიტანენ იქიდან, დაშლიან იმ აქციას, თუ არადა ჩემს სიცოცხლეს დათმობ, სამართლიანად, კანონის ფარგლებში, მშვიდობიან აქციას გავაგრძელებ პარლამენტის წინ, სანამ ჩემი შვილის უდანაშაულობა არ დამტკიცდება და ჩემი შვილის მკვლელები არ დაისჯებიან,“ - განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.
გომელაურის უწყება პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული ახალგაზრდის მამას, სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის დაგეგმვაში ადანაშაულებს.
უწყებამ რამდენიმე დღის წინ ფარული აუდიოჩანაწერიც გაავრცელა, თუმცა მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ სუს-ს მის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ აქვს და უმძიმესი ბრალდებებით, ხელისუფლება თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმის გადაფარვას და პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციების შეწყვეტას ცდილობს.
დაკითხვის დაწყების წინ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ დაკავებას არ გამორიცხვას, თუმცა ფიქრობს, რომ გომელაურის უწყებას ბრალდების ფაქტებით დადასტურება გაუჭირდება.