17 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
დავით გარეჯის საკითხის გადასაჭრელად მთავრობა კომისიას ქმნის - პრემიერის განცხადებით, მუშაობის პროცესში კომპლექსში გადაადგილება არ შეიზღუდება

დავით გარეჯში, ქართული სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ შემქნილი ვითარების მოსაგვარებლად, მთავრობა სპეციალურ კომისიას ქმნის - ამის შესახებ განცხადება, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, დავით ზალკალიანმა გააკეთა.

კომისიას, საგარეო საქმეთა სამინისტროს მოადგილე უხელმძღვანელებს, პირველი სხდომა კი უახლოეს დღეებში გაიმართება. დავით ზალკალიანი ამბობს, რომ ახლა ემოციები გვერდზე უნდა გადაიდოს და კომისიას მუშაობის შესაძლებლობა უნდა მიეცეს. 

„მომავალ კვირაში სამშაბათს-ოთხშაბათს გაიმართება პირველი შეხვედრა და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ჩვენ, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ამ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრებთ.

"აუცილებელია, ყოველგვარი ემოციები გვერდზე გადავდოთ და კომისიას მიეცეს შესაძლებლობა ნორმალურ ვითარებაში, ისე როგორც ეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას შეეფერება განაგრძოს მუშაობა,“-განაცხადა ზალკალიანმა.

პრემიერის განცხადებით კი, ასეთივე კომისიას შექმნის აზერბაიჯანი და როგორც ორი მეგობარი ქვეყანა და სტრატეგიული პარტნიორი ამ საკითხს მოლაპარაკების გზით გადაჭრის. მამუკა ბახტაძის განცხადებით, მოლაპარაკების პროცესში მომლოცველებსა და ტურისტებს აღდგომის ტაძართან მისასვლელ გზაზე პრობლემები არ შეექმნებათ. 

„იქაც გაკეთდება მსგავსი კომისია, მოგეხსენებათ შეთანხმება ითვალისწინებს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვეულებრივად იქნება წვდომა სამონასტრო კომპლექსის მიმართულებებზე, სადაც არსებობდა არსებული პრაქტიკა. აზერბაიჯანი არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და აქ ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნება მიღებული სწორედ ამ სულისკვეთებით,“-განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები