ცივი იარაღის იმპორტი და გაყიდვა მკაცრად დარეგულირდება, ასევე მკაცრდება იარაღის ტარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ შს მინისტრმა განაცხადა.
გიორგი გახარიას განცხადებით, კანონის გამკაცრების მიზანი არასრულწლოვანებისა და ნასამართლევი პირებისთვის იარაღზე წვდომის შეზღუდვაა. შესაბამისი ინიციტივით, უწყების ხელმძღვანელმა მთავრობას დღეს მიმართა.
„ძირითადი არსი გახლავთ ის, რომ მკაცრდება ცივი იარაღის, როგორც იმპორტი, ასევე გაყიდვა და ტარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სასჯელიც.
ჩვენი მიზანი გახლავთ ის, რომ ამ რეგულაციებით შევუზღუდოთ წვდომა პირველ რიგში არასრულწლოვნების და ნასამართლევი პირების ცივ იარაღზე.
მოგეხსენებათ, ჩვენ საზოგადოებას დავპირდით, მას შემდეგ, რაც გავაანალიზეთ სტატისტიკური მონაცემები და ვნახეთ, რომ მსუბუქი დაჭრების სტატისტიკა იყო გაზრდილი და ვნახეთ ამის მიზეზები სად იყო, ერთ-ერთი ნაბიჯი გახლავთ ის საკანონმდებლო ცვლილებები, რაც წარვუდგინეთ მთავრობას. ეს საკანონმდებლო ცვლილებები გადაიგზავნება პარლამენტში და დიდი იმედი გვაქვს, რომ ახლო მომავალში ისინი შევა ძალაში,“-განაცხადა შს მინისტრმა.