ყვითელი სამგზავრო ავტობუსებისთვის გაცემული ყალბი დასკვნების საკითხზე „რუსთავი 2“ ტექინსპექტირების ცენტრ ”დაჯის” დირექტორს, დავით კვინტაძეს ესაუბრა. მან ფინანსური პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა და აღნიშნა, რომ გაყალბება არ ხდება. მისი თქმით, გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. დავით კვინტაძე ასევე ამბობს, რომ თუ მისი თანამშრომლის ბრალულობა დადასტურდება, მაშინ თავადაც დასჯის.
„ერთ თანამშრომელს, ეს იყო 2018 წლის სექტემბერში, წარედგინა ბრალი და იმის შემდეგ მიმდინარეობს გამოძიება. ტექინსპექტირების გავლა ყალბად არ ხდება. ვინც ავრცელებს ამ ინფორმაციას, იმას მიმართეთ, იქნებ უფრო დაგიკონკრეტოთ. მე მეტი კომენტარის გაცემის საშუალება არ მაქვს, იმიტომ, რომ არ მაქვს ინფორმაცია. ჩემი თანამშრომელი არის პირნათელი კანონთან, რეგლამენტთან, რომლითაც ის მუშაობს. ამ ყველაფერს დაადგენს სასამართლო. თუ დადგინდა მისი ბრალეულობა, მაშინ ღირსი ყოფილა. პირველი მე ვიქნები ის, ვინც მას დასჯის,“ - განაცხადა ტექინსპექტირების ცენტრ ”დაჯის” დირექტორმა, დავით კვინტაძემ.
სამართალდამცველები ამტკიცებენ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ქალაქში გაყალბებული ტექნიკური დოკუმენტებით მოძრაობს და რეალურად ავტობუსები გამართული არ არის. დაკავებულია ტექინსპექტირების სამი ცენტრის ოთხი თანამშრომელი.