თბილისში, ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად, დაზიანებულია სახლის სახურავები, დატბორილია ეზოები, სარდაფები და სადარბაზოები. ძირითადი ლოკაციები, სადაც მოსახლეობას ზარალი მიადგა, დიღომი, სანზონა და გლდანია.
თითქმის მთლიანად დატბორილი იყო სანზონაში, გურამიშვილის გამზირი, სადაც შეუძლებელი იყო ავტომობილების გადაადგილება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ყველა წერტილში სამაშველო ჯგუფია გასული და საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
ვითარება ამ დროისთვის სტაბილურია. მათივე ცნობთ, ყველა შესულ ინფორმაციაზე რეაგირება დაუყოვნებლივ ხდება.
მეტეოროლოგების ცნობით, უხვი ნალექი დიდ წილად გლდანსა და სანზონაში მოვიდა. სინოპტიკოსების ინფორმაციით, დედაქალაქში წვიმა ამ დროისთვის შეჩერებულია, თუმცა საღამოს ისინი ნალექს ისევ ელოდებიან.