„უკვდავი პოლკის“ აქცია თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში - მსვლელობები სამცხე-ჯავახეთის გარდა საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოეწყო. წითელი ალმებითა და სტალინის სურათებით პრორუსული მსვლელობა გაიმართა.
ნინოწმინდა იყო ქალაქი, სადაც კრემლიდან დაფინანსებულმა „უკვდავმა პოლკმა“ დემონსტრაციული მარშით ჩაიარა. ნინოწმინდაში შეკრებილები არ თვლიდნენ, რომ რუსეთი ოკუპანტია.
საბჭოთა სიმბოლიკით აღჭურვილი ადამიანების გვერდით იდგნენ „ქართული ოცნების“ ადგილობრივი წარმომადგენლებიც.
ვაკის პარკში, სადაც ფაშიზმზე გამარჯვების 74 წელი აღინიშნებოდა, პრორუსული ორგანიზაციის წარმომადგენლები მივიდნენ. ადგილზე იმყოფებოდა რუსეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელიც. წითელი ალმები თბილისსა და სხვა ქალაქებში შარშანაც იყო და წინა წლებშიც, თუმცა ვითარება წლიდან წლამდე იცვლება.
პრორუსული მარშის ჩავლის შემდეგ, ვაკის პარკში ხმაური პრეზიდენტის გამოჩენას მოჰყვა. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს ვაკის პარკში „მოღალატეს“ შეძახილებით შეხვდნენ.
პარალელურად, ვაკის პარკში, საქართველოს ოკუპაციით გაბრაზებულმა მოქალაქეებმა სტალინისა და პუტინის მიერ დახვრეტილი ქართველი პატრიოტების პორტრეტები და სტიკერები მიიტანეს. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა „უკვდავი პოლკის“ წარმომადგენელს სტიკერი მიაკრა, რის გამოც დააკავეს. აქციის მონაწილეები ვაკის პარკში გიორგი ანწუხელიძის ფოტოებით მივიდნენ.