აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მოსკოვში არ ჩავიდა. რუსეთის ნაცვლად, სადაც ოფიციალური შეხვედრები ჰქონდა დაგეგმილი, ის ბრიუსელში ჩავიდა. სწორედ იქ იმართება საგარეო უწყების ხელმძღვანელების მინისტერიალი. მაიკ პომპეო შეხვედრებს მართავს ირანის თემასთან დაკავშირებით. აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ხვალ სოჭში გაემგზავრება, სადაც მას ექნება მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან. ბრიუსელში იმყოფება ქართული დელეგაციაც. "კურიერი" დაინტერესდა, ხომ არ შედგა რაიმე სახის კომუნიკაცია ქართულ მხარესთან და იმუშავა თუ არა საქართველოს საგარეო უწყებამ სათანადოდ იმისთვის, რომ სოჭში დაგეგმილ ხვალინდელ შეხვედრაზე საქართველოს თემა იყოს დღის წესრიგში.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ხელისუფლება მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფება პარტნიორებთან იმისთვის, რომ რუსეთთან ურთიერთობისას დღის წესრიგში იყოს საქართველო.
„ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ყველა პარტნიორთან ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს ძალიან მაღლა მათ დღის წესრიგში რუსეთის ფედერაციაში. მე ჩემს გამოსვლაში დღეს, აქაც ერთ-ერთი მთავარი გზავნილი რაც იყო, სწორედ ეს გახლდათ, რომ ყველა პარტნიორმა რაც შეიძლება მაღალ დონეზე დააყენოს საკითხი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობს დღის წესრიგში. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია რომ ეს ესე ხდება. ამის მაგალითი არის თუნდაც ესტონეთის პრეზიდენტის მიერ დაყენებული საკითხი რუსეთის პრეზიდენტთან. ასევე ვიცით რომ საფრანგეთის პრეზიდენტის მხრიდანაც იყო დაყენებული ეს საკითხი რუსეთის პრეზიდენტთან. ამის შესახებ ჩვენი პარტნიორებიც საუბრობენ. მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან რომ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად საქართველოს იყოს, კერძოდ ის უკანონო ქმედებები, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს,“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.