ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდამჭერი ჯგუფები დღეს საერთო მოთხოვნებს გააჟღერებენ. ისინი პარლამენტს, პრეზიდენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართავენ და მოუწოდებენ ნარკოპოლიტიკის სფეროს ძირეულ რეფორმამდე, გამოიყენონ ერთჯერადი ამნისტიის ან შეწყალების მექანიზმი იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომლებიც ნარკოდანაშაულზე უსამართლო ან არაპროპორციულ სასჯელს იხდიან.
სამოქალაქო სექტორის შეფასებით, აუცილებელია კანონმდებლობის ცვლილებაც და არსებული ხარვეზების გამოსწორება.
„მთავარია ხელისუფლებამ გამოხატოს პოლიტიკური ნება, რომ შეჩერებული და ჩავარდნილი ნარკოპოლიტიკის რეფორმის ფონზე, გარკვეული მინიმალური ნაბიჯი მაინც გადადგას ამ პრობლემის გადასაწყვეტად. ამ რეფორმას ელოდებოდა ხალხი მათ შორის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ამიტომ თუკი ხელისუფლება ვერ ახერხებს, რომ მოცემულ ვითარებაში ნარკოპოლიტიკის საკითხს დაუბრუნდეს პარლამენტში, მაშინ ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას იფიქროს, სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან დაკავშირებით, გარკვეულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე,“-განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელმა, სოფო ვერძეულმა.