სასამართლო სისტემა და კლანი, რომელიც მართლმსაჯულებას მართავს - იურისტები დღეს რეზოლუციის პროექტს გაასაჯაროებენ.
მათი შეფასებით, ქვეყანაში მართლმსაჯულება დამოუკიდებელი არ არის, რადგან სისტემა დაკომპლექტებულია ადამიანებით, რომლებიც ხელისუფლების პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენ.
იურისტების განცხადებით, უნდა მომზადდეს კანონპროექტთა პაკეტიც, რომელიც დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას უზრუნველყოფს.
„მოსამართლეთა თვითმმართველობა საბოლოოდ განადგურდება, ჩვენ გვექნება მხოლოდ კლანის ძალაუფლება სასამართლოში, რომელიც, ყოველთვის მოახერხებს საკუთარი თავის არჩევას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის გვეყოლება ხელისუფლებისადმი მორჩილი სასამართლო,“ -აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციის ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი” გამგეობის თავმჯდომარე კახა წიქარიშვილი.
დოკუმენტი უახლოეს დღეებში პარლამენტშიც შევა. იურისტები მოითხოვენ, საკანონმდებლო ორგანომ მიიღოს რეზოლუციის პროექტი და აღიაროს არსებული პრობლემები. იმ შემთხვევაში კი თუ, დეპუტატები მათ მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს არ დაამტკიცებენ, იურისტები სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებენ.
„რეზოლუციაში არის საუბარი იმაზე,რომ საქართველოში სასამართლო სისტემაში უმთავრესი პრობლემა არის კლანური მმართველობა. ალოგიკურია, რომ პარლამენტს ოფიციალური შეფასება ამ რეალობასთან მიმართებაში, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სახელისუფლებო შტოში რა რეალობა არსებობს არ გაუკეთებია,თუ პარლამენტი არ მიიღებს გადაწყვეტილებას ჩვენ სამართლებრივ ბრძოლას ამ თემაზე გავაგრძელებთ,“-განაცხადა კოჟორიძემ.