16 დეკემბერს, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს ველისციხეში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე ცენტრი „ემპათია“ მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. საუბარია, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის შოთა დალაქიშვილზე განხორციელებული ფიზიკურ თავდასხმაზე.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა შეფასებით, მომხდარი პოლიტიკურ ნიადაგზე სიძულვილით ჩადენილი დანაშაულია და გამოძიება არა სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, არამედ ადამიანის წამებისა და სასტიკი, არაადამიანური მოპყრობის მუხლით უნდა მიმდინარეობდეს
“ემპათიაში” აცხადებენ, რომ ინციდენტის დროს შემთხვევის ადგილზე პატრულის რამდენიმე ეკიპაჟი იმყოფებოდა, თუმცა მათ შესაბამისი რეაგირება არ მოახდინეს და ძალადობის ფაქტი არ აღკვეთეს.
„მივმართეთ პროკურატურას, გურჯაანის პროკურორს, საქმის პროკურორს, რომელსაც ევალება ამ საქმის ადეკვატური გამოძიება, საქმის მასალების მოთხოვნით, ვინაიდან სასამართლო ექსპერტიზისათვის გვჭირდებოდა საქმის მასალები ჩვენ მივიღეთ უარყოფითი პასუხი,. მივმართეთ ასევე სამხარაულის ეროვნულ ბიუროს საიდანაც მივიღეთ ასევე არაადეკვატური პასუხი, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული, ვფიქრობთ მუხლი უნდა იყოს გადაკვალიფიცირებული. ეს არის 144 პრიმა, ან ორი პრიმა ან სამი პრიმა, რაც გულისხმობს ადამიანის წამებას, ან სასტიკ, არაადამიანურ ღირსების შემლახავ მოპყრობას,“-ამბობს ”ემპათიას” დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი.