17 ნოემბერი 2024,   17:35
ვრცლად
მერაბიშვილმა ვერ დაასახელა მისი საკნიდან გაყვანასთან დაკავშირებული პირების ვიზუალური მახასიათებლები - გამომძიებელი

ციხის საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე ვანო მერაბიშვილი დაახლოებით 2 საათია გამომძიებლების კითხვებს პასუხობს. პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად პროცესს მერაბიშვილის ადვოკატებიც ესწრებიან. 

გამომძიებელი თამუნა ვახანია ამბობს, რომ მერაბიშვილმა ვერ ასახელებს იმ პირების სახელებსა და გვარებს, ასევე ფიზიკურ მახასიათებლებს ვინც ის საკნიდან გაიყვანა.

"ივანე მერაბიშვილმა გამოკითხვის მიმდინარეობისას ვერ დაასახელა მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან შესაძლო გაყვანასთან დაკავშირებული პირების ვიზუალური მახასიათებლები, ასევე გვარობითი ინდივიდუალური ნიშან-თვისებები. რომელიც მოქმედი საპროცესო კოდექსის მიხედვით, აუცილებელია დასახელდეს იმისთვის, რომ შემდგომში განხორციელდეს და ჩატარდეს ამოცნობა,"-ამბობს ვახანია.

კითხვაზე, ყოფილ პრემიერსა და ყოფილ შს მინისტრს, ჯერ კიდევ 2013 წელს აქვს დასახელებული იმ პირების ვინაობა, ვისაც ის კანონდარღვევაში ადანაშაულებს. ვახანია პასუხობს, რომ დღეს სწორედ ამ პირების ვინაობის დადგენის მიზნით მიმდინარეობდა დაკითხვა.  

"დღეის მდგომარეობით სწორედ მაგ მიზნით ტარდება გამოკითხვა, რათა უკვე მესამედ ივანე მერაბიშვილი შეძლებს თუ არა აღნიშნულ პირთა ინდენტიფიცირებას და შემდგომში შესაძლებელი გახდება თუ არა ამოცნობის ჩატარება,"-განაცხადა გამომძიებელმა. 

ხოლო ჟურნალისტების შეკითხვაზე, დაიკითხა თუ არა გამოძიების ფარგლებში ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც ყოფილი პრემიერი საკნიდან გაყვანის ეპიზოდში მთავარ კანონდამრღვევად ასახელებს, ვახანია ამბობს, რომ დღეს მერაბიშვილთან "კითხვების დასხმა სწორედ  პიროვნების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით მოხდა".

მერაბიშვილმა საკნიდან გაყვანის შესახებ 2013 წელს განაცხადა, მაშინ გამოძიება დაიწყო, თუმცა მოკვლევამ ვერაფერი დაადგინა. მოგვიანებით კი გამოძიება ევროსასამართლოს დასკვნის საფუძველზე განახლდა. მერაბიშვილი საკნიდან გაყვანაში ყოფილ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ადანაშაულებს. 

დღის ამბები