ზუგდიდში სანდრა რულოვსსა და მის შტაბის წევრებზე განხორციელებული თავდასხმის მონაწილე გელა კვარაცხელია დააკავეს.
ის ზუგდიდის პოლიციაში რამდენიმე წუთის წინ მიიყვანეს. კვარაცხელია აცხადებს, რომ მერობის კანდიდატს ზვიად გამსახურდიას გამო დაესხა თავს.
„მე ზვიად გამსახურდიას გამო ყოველთვის მზად ვიყავი და მზად ვიქნები.ზვიადის გამო ყოველთვის ვიბრძოდი. მე მაგ ქალს, სანდრას სამეგრელოში არ შემოვუშვებ. ეს სამეგრელოა, ეს არ არის ჰოლანდია“- ამბობს დაკავებული.
როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება საქმეზე 126-ე მუხლით მიმდინარეობს. დაკავებულია ერთი პირი , მიმდინარეობს გამოძიება.
"ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას აუცილებლად მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება და კანონის დარღვევის შემთხვევაში სამართალდამცავი უწყება გაატარებს კანონით განსაზღვრულ ზომებს,"-განაცხადეს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ დიასამიძემ.
სანდრა რულოვსსა და მისი შტაბის წევრებზე თავდასხმაში გელა კვარაცხელიას გარდა, მელორ მიქავა და გელა თორიაც მონაწილეობდნენ. მათი იდენტიფიცირება ჟურნალისტებმა შეძლეს. არსებული ინფორმაციით, შს სამინისტრო ორივე მათგანის დაკავებას აპირებს.
კვარაცხელია კი ინციდენტიდან რამდენიმე საათში, მას შემდეგ დააკავეს, რაც შს მინისტრმა ზუგდიდში მომხდარი დაპირისპირებისას განაცხადა, რომ ყველა დამნაშავე პარტიული კუთვნილების მიუხედავად, დაკავებული უნდა იყოს.