17 ნოემბერი 2024,   17:22
ვრცლად
ერთჯერადი ამნისტია ან შეწყალების მექანიზმი - ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდამჭერი ხელისუფლებას ინიციატივით მიმართავს 

ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდამჭერი ჯგუფი საქართველოს პრეზიდენტს, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას ახალი ინიციატივით მიმართავს. ისინი მოითხოვენ, რომ იმ მსჯავრდებულების მიმართ, ვინც სასჯელს ნარკოტიკული საშუალებების ფლობისთვის ან პირადი მოხმარებისთვის იხდის, გამოიყენონ ერთჯერადი ამნისტია ან შეწყალების მექანიზმი.

ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები გაურკვეველი ვადით არის გადადებული და გასული წლის მაისის მოვლენების შემდეგ, ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა. მოთხოვნებს შორისაა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნაც. 

„პარლამენტი უნდა მიუბრუნდეს მსჯელობას ნარკოპოლიტიკის რეფორმის კანონპროექტზე, თუმცა ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ რეალისტურად ეს პარლამენტი მოახერხებს ამ მასშტაბის რეფორმის დაძვრას და პარლამენტი, რომელიც მილევად რეჟიმშია, პრაქტიკულად, წინასაარჩევნოდ შეძლებს ამ რეფორმის გატარებას. სწორედ ამის გათვალისწინებით, ჩვენ მივმართავთ ხელისუფლებას, სხვადსხვა უწყებას, რომ შეიქმნას უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ასევე იქნება ღია გარე ჯგუფებისთვის, მათ შორის სათემო ორგანიზაციებისთვის, ნარკოლოგებისთვის, ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის. სამუშაო ჯგუფმა უნდა აღწეროს დღეს ნარკოვითარება, მათ შორის ციხის პოპულაცია და უნდა მოამზადოს საფუძვლები პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის,“ - განაცხადა სოფო ვერძეულმა.

ნარკოლოგი დავით ოთიაშვილი აცხადებს, რომ ინიციატივა ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებასა და მისი მიზერული რაოდენობით ფლობის გამო იხდის.

„ვინაიდან, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა უსამართლო ნარკოკანონმდებლობის რადიკალური ცვლილება, ეს ინიციატივა არის დროებითი შველა იმ ადამიანებისთვის, ვინც იხდის მრავალწლიან სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის. საქმე ეხება იმ ადამიანებს, ვინც არ არის ჩართული უკანონო ბრუნვაში, გასაღებაში და ვინც იმყოფება ციხეში, იმიტომ რომ მოიხმარდა ან ფლობდა მიზერული ოდენობით ამა თუ იმ ნივთიერებას,“ - განაცხადა დავით ოთიაშვილმა.

 

 

 

დღის ამბები