მშენებლობაზე, საიდანაც დღეს 55 წლამდე მუშა გადმოვარდა, წინასწარი ინფორმაციით, უსაფრთხოების სტანდარტები იყო დარღვეული. ცათამბჯენიდან, 55 წლამდე მუშა, დღეს შუადღით გადმოვარდა. თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დასრულების შემდეგ, მუშები ხარაჩოების დემონტაჟს ახდენდნენ.
ცათამბჯენები კოსტავას გამზირზე, კომპანია „ინსი თაურსის“ აშენებულია. მშენებლობა უკვე დასრულებულია და შენობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესი მიდის. დღეს კომპანიის წარმომადგენელი ადგილზე მივიდა, თუმცა „კურიერის“ კითხვებს არ უპასუხა. ზეპირი განმარტება „ინსის“ თანამშრომლებმა მხოლოდ შრომის ინსპექციას მისცეს და დოკუმენტებიც არ გადასცეს. სახელმწიფო მაკონტროლებლების წინასწარი დასკვნით, მუშის სიკვდილი უსაფრთხოების ზომების დარღვევას მოჰყვა.
ოფიციალური მონაცემებით, მშენებლობაზე მუშების გარდაცვალების სტატისტიკა საგანგაშოა. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში 16 მუშა გარდაიცვალა.
სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ მუშების გარდაცვალება ხელისუფლების კისერზეა, რადგან დღემდე ვერ შექმნა ადამიანებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობები. კანონი კი დღეს არა დასაქმებულს არამედ მხოლოდ დამსაქმებელს იცავს.
დღეს მომხდარი უბედური შემთხვევის საქმეზე სამართალდამცავებმა გამოძიება შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით დაიწყეს. თვითმხილველებს და კომპანიის ხელმძღვანელებს ხვალ გამოკითხავენ.
ავტორი: რუსუდან ჯაბანიშვილი.