მერიამ მოსახლეობას კერძო საკუთრებით სარგებლობა აუკრძალა. ხალხს სოფელ ლისში კუთვნილ მიწებზე მშენებლობის უფლებას არ აძლევენ, ადგილობრივებს 60 ჰექტარი მიწა ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან პირად საკუთრებაში ქონდათ, მშენებლობის უფლებაც მოიპოვეს, თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ყველაფერი მათ საწინააღმდეგოდ შეიცვალა.
ტერიტორიას, რომელიც ხალხის მფლობელობაშია, მერიამ რეკრეაციული სტატუსი მიანიჭა, გადაწყვეტილება კალაძის უწყებაში ისე მიიღეს, რომ 200-მდე ოჯახისთვის არაფერი არც უკითხავთ და ალტერნატიული ნაკვეთები შეუთავაზებიათ. ადგილობრივები მერიას ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებენ, რადგან სოფლის ერთ მხარეს მშენებლობა ნებადართულია.
თბილისის ახალი გენერალური გეგმის მიხედვით, ლისის ტბის მიმდებარედ მინდვრებს ზოგადი რეკრეაციული ზონის სტატუსი დაედო, რამაც მშენებლობის შესაძლებლობა მაქსიმალურად შეზღუდა. ახლა ხალხის ბედი მერის კეთილ ნებაზეა.
სოფელი ლისის ცენტრალური მაგისტრალის ორი ფერდიდან მხოლოდ ერთზე დაადო მერიამ რეკრეაციული ზონის სტატუსი. გზის მეორე მხარეს კი მშენებლობის მსურველებს მწვანე შუქი აქვთ ანთებული.