17 ნოემბერი 2024,   17:33
ვრცლად
ხანძარი ბორჯომის ხეობაში - ცეცხლის ჩაქრობას ვერტმფრენით ცდილობენ

ხანძარი ბორჯომის ხეობაში - ქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები ბორჯომის ხეობაში, სოფელ საკირეს მიმდებარედ, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში აწარმოებენ. 

ადგილზე იმყოფებიან თბილისის, ბორჯომის, ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების 150-მდე მეხანძრე-მაშველი. რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება. 

გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში ბორჯომის ხეობაში, სოფელ საკირეს მიმდებარედ, შერეული ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის შესახებ შეტყობინება დღეს შევიდა. ცოცხალი ძალა და საჰაერო ტექნიკა მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის ორივე კერასთან მუშაობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები