ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული უკრაინელი ქალის ადვოკატს და დამოუკიდებელს ექსპერტებს ზუგდიდში, ადმინისტრაციულ საზღვართან არ ატარებენ. მათ დაკავებული იულია სუსლიაკის მეუღლისთვის, იური სუსლიაკისთვის, ბილოგიური ანალიზები უნდა აეღოთ.
ანალიზით უნდა დადგენილიყო, არიან თუ არა იულია სუსლიაკთან ერთად საქართველოში ჩამოსული ბავშვები მათი შვილები.
იური სუსლიაკის თქმით, გამოძიება განზრახ ჭიანურდება. მისი თქმით, მას შეუძლია დაამტკიცოს, რომ ათივე ბავშვი მისი შვილია, თუმცა მას ადვოკატთან და ექსპერტთან შეხვედრის შესაძლებლობას არ აძლევენ. იური სუსლიაკს არ აქვს უფლება გადმოკვეთოს ადმინისტრაციული საზღვარი, რადგან მას დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ და თუკი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვა მას ქართველი სამართალდამცველები დააკავებენ
"მე იური სუსლიაკი ვარ. ვიმყოფები აფხაზეთისა და საქართველოს საზღვარზე, აფხაზურ მხარეს. მოვედი იმისთვის, რომ ენგურის ხიდზე, ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადავცე ჩემი ბიოლოგიური მასალების სინჯები იმისთვის, რომ ჩატარდეს დნმ-ის ანალიზი და დავამტკიცო გამოძიებისა და პროკურატურის განცხადებების სიცრუე, რომლებიც ჩემს მეუღლეს ადანაშაულებენ ჩვენი შვილების გაყიდვაში.
დნმ-ის ანალიზი არის მტკიცებულება, რომ ყველა ბავშვი გენეტიკურად ჩემი შვილია და ისინი არავის უყიდია. ექსპერტს, რომელიც მე დავიქირავე, ადვოკატს, ჟურნალისტებს, პროკურატურის უკანონო მითითებით უკრძალავენ, რომ მოვიდნენ ნეიტრალურ ტერიტორიაზე, რომელიც ქართული კანონმდებლობით საქართველოს ტერიტორიაა და აიღონ ბიოლოგიური მასალები დნმ-ის ანალიზისთვის. ეს ყველაფერი ზღვარს ცდება და სრული უკანონობაა.
მიმდინარეობს გამოძიების განზრახ გაჭიანურება, არ ვიცი რა მიზნით ხდება ეს, პოლიტიკური მოტივით თუ შეკვეთით, მაგრამ პროკურორი ჩადის აბსოლუტურად უკანონო ქმედებას,"-ამბობს იური სუსლიაკი.
ადვოკატი ამბობს,რომ ქართველი სამართალდამცველები საქმის პროკურორის დავალებით, იულია სუსლიაკის დაცვის მხარეს და ექსპერტს იური სუსლიაკთან შეხვედრას და ბიოლოგიური მასალის აღების საშუალებას არ აძლევენ.
"პროკურატურას კატეგორიულად არ უნდა დადგეს ის შედეგი, რასაც ჰქვია,რომ ათივე ბავშვის ბიოლოგიური მამა არის იურის სუსლიაკი და ოთხი ბავშვის ბიოლოგიური დედა არის იულია სუსლიაკი. არარსებულ საფუძველზე ადამიანს შეუფარდეს პატიმრობა ისეთ მძიმე დანაშაულზე როგორიც არის ტრეფიკინგი,"-ამბობს ადვოკატი ზურაბ თოდუა.