ე.წ. პიჯაკების საქმეზე ბრალდების მხარის მოწმე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი დაკითხეს. ოთარ ქველიძე თავადაც ბრალდებულია ამ საქმეში. ქველიძეს ბრალი რამდენიმე თვის წინ წაუყენეს და სასამართლო სხდომები გამოყოფილ საქმეზე მიმდინარეობს.
დაცვის მხარე კი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის პრეზიდენტის მითითებების შესრულება სავალდებულო იყო. დაცვის მხარე არაობიექტურ გამოძიებასა და შერჩევით სამართალზე საუბრობს.
„პროკურატურა ცდილობს ამ საქმეზე არსებული მკაფიო შერჩევითი მართლმსაჯულება თითქოს და გადაფაროს 2019 წლის პირველ მარტს, ოთარ ქველიძისთვის ბრალის წარდგენით, მაშინ როდესაც თეიმურაზ ჯანაშიას 2014 წელს ბრალდება წარუდგინეს. 5 წელია მისი პროცესები იმართება, დაყადაღებულია მისი ყველა ანგარიში, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა ჰქონდა და ა.შ. მაშინ, როდესაც ამავე საქმეში, მკაფიოდ ჩანს, რომ ხარჯების გაწევა გრძელდებოდა ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც“ - განაცხადა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ.
პროკურატურის მტკიცებით, მოწმის ჩვენებამ დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ზედმეტი ფუნქციები და ხარჯები დაეკისრა. ამიტომ მასსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს გამოძიება ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვას ედავება.