წადით, წადით!- ამ შეძახილებით დახვდნენ შრომის ინსპექტორს ჭიათურ-მანგანეზის გაფიცული მუშები. თბილისიდან ცოტა ხნის წინ ჭიათურაში ჩასულ შრომის ინსპექტორს აქციის მონაწილეები არ შეხვდნენ. მის გამოჩენას აქციაზე ხმაური მოჰყვა.
თავად შრომის ინსპექტორი ბექა ფერაძე აცხადებს, რომ ის გაერკვევა პრობლემაში და დასკვნებს შემდეგ გააკეთებს.
„ჩვენ ჩამოვედით ვითარების შესასწავლად. ნებისმიერი დამატებითი განმარტება იქნება შესაძლებელი მას შემდეგ რაც უკვე ჩვენ შევისწავლი რა ვითარება არის. ჩვენ ვართ მოწოდებული იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს პირობები. ჩვენ პერიოდულად ვამოწმებთ უსაფრთხოების მდგომარეობას და დამატებით შევისწავლით თუ რაიმე გამოიკვეთა დამატებით რეაგირება მოვახდინოთ ამ პროცესებზე,“-განაცხადა ბექა ფერაძემ.
ჭიათურ-მანგანეზის თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების გაზრდას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, ძალიან მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა.
ავტორი: ნინო გაზდელიანი