საოკუპაციო რეჟიმი ქართულ პოლიციას ე.წ. საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს და სასაზღვრო ხაზის დადგენას მოითხოვს. განცხადება ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დეფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა, ერგნეთში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
კოჩიევი ამბობს, რომ ქართული პოლიცია ე.წ. საზღვარს კვეთს. მისივე თქმით, ირღვევა საჰაერო სივრცე, უპილოტო საფრენი აპარატებით. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის განცხადებით, ქართული მხარე არ არის თანახმა, განიხილოს სასაზღვრო ხაზის დადგენის საკითხი, მიუხედავად, იმისა რომ "სამხრეთ ოსეთის მხარე" ამას მოითხოვს.
„შეხვედრაზე, რომლის მიზანი ბოლო პერიოდში მომხდარი ინციდენტების განხილვაა, ჩვენ წამოვაყენეთ უპილოტო საფრენი აპარატების მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის საკითხი. მონაწილეებს ასევე ვაცნობეთ ქართული პოლიციის წარმომადგენლების მიერ საზღვრის დარღვევის ფაქტების შესახებ. რაც შეეხება რუსული ვერტმფრენის საკითხს, რუსული ვერტმფრენები სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცეში დაფრინავენ და საქართველოს ტერიტორიაზე არასდროს გადმოდიან. ქართულმა მხარემ წამოაყენა ეს საკითხი, თუმცა არანაირი მტკიცებულებები, ვიდეო ჩანაწერები ან ფოტო მასალა არ წარმოუდგენია. ქართული მხარე არ არის თანახმა, განიხილოს სასაზღვრო ხაზის დადგენის საკითხი, მიუხედავად, იმისა რომ სამხრეთ ოსეთის მხარე ამას მოითხოვს“ - განაცხადა ეგორ კოჩიევმა.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 93-ე შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხი დააყენეს და შინაგანი ორგანოებისა და პირადი ნივთების გადმოცემა მოითხოვეს. შეხვედრაზე ისაუბრეს დავით ბაშარულის საკითხთან დაკავშირებითაც.
ყურადღება გამახვილდა ბოლო პერიოდში, ოკუპირებულ რეგიონში გამოვლენილ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტზე, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას.
„ჩვენი ამოცანაა, პასუხი გაეცეს ყველა არსებულ კითხვას, ასევე მოხდეს დამნაშავეთა გამოვლენა და მათ მიმართ სამართლის აღსრულება. ვისაუბრეთ დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებულ არსებულ პასუხგაუცემელ კითხვებზე, რაზეც პასუხი კვლავ არ იქნა მიღებული. გავაჟღერეთ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებული შემთხვევები“ - განაცხადა სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ.