ჭიათურაში მერის არჩევა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროტესტის ფონზე მოუწევთ. ჭიათურა არჩევნებს მუშების საპროტესტო აქციით ხვდება. პროტესტის ჩასაქრობად "ქართულმა ოცნებამ" მათთან პარტიის ლიდერები გაგზავნა, მაგრამ უკიდურესად რთულ ვითარებაში მყოფი მუშები ხელისუფლების უმაღლეს პირებს არ ენდობიან. ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოს თანამშრომლებმა შიმშილობა დაიწყეს.
ეროვნული წარმოების გიგანტი გაჩერებულია. მუშებს საწარმოს შესასვლელი ბლოკირებული აქვთ და ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არავის აძლევენ. ერთი საათის წინ ჭიათურ-მანგანუმის გაფიცულმა მუშებმა კარვები გაშალეს. ისინი ღამის გათენებას ქუჩაში აპირებენ და არ დაიშლებიან, ვიდრე საწარმოს მფლობელები მათ მოთხოვნებს არ შეასრულებენ. არ არის გამორიცხული, ხვალიდან 15 მოშიმშილეს სხვებიც შეუერთდნენ.
„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ანი მიროტაძე, რომელიც ჭიათურის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო, ამბობს, რომ ჭიათურ-მანგანუმში თბილისის მერს ბიზნესინტერესები აქვს. მისი თქმით, კახა კალაძე ვითარების კონტროლს დღემდე ჭიათურაში კანონიერი ქურდების საშუალებით ახერხებდა, არჩევნებამდე ორი დღით ადრე კი მართვის სადავეები ხელიდან გაექცა.
ჭიათურაში ორ დღეში არჩევნებია, ქალაქი მერს ბოლო დროის ყველაზე მაშტაბური პროტესტის ფონზე ირჩევს.
ჭიათურმანგანუმის ქარხანა ქვეყნის ერთ ერთი უმსხვილესი საწარმოა, აქ 3000-მდე ადამიანი მუშაობს. მანგანუმი დღეისათვის საქართველოს საერთო ექსპორტის 10%-ს შეადგენს.
ავტორები: რუსუდან ჯაბანიშვილი, ედიშერ მუშკუდიანი