პასუხი უნდა აგონ თავიანთ დანაშაულზე - ამ განცხადებით, თბილისის მერი, კახა კალაძე საფეხბურთო სკანდალს ეხმაურება. საუბარია გარიგებულ თამაშებზე და დაკავებულ 5 ფეხბურთელზე.
კალაძე ამბობს, რომ მისთვის, როგორც სპორტსმენისთვის, მიუღებელია მსგავსი ქმედებები და ფეხბურთელებმა, რომლებიც გარიგებაში იღებენ მოანწილეობას, პასუხი უნდა აგონ საკუთარ დანაშაულზე.
„ჩემთვის, როგორც ყოფილი სპორტსმენისთვის, კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ქმედებები და შესაბამისად, პასუხი უნდა აგონ თავიანთ დანაშაულზე. თუ ხარ სპორტსმენი, მოღვაწეობ სპორტში, ეს მიდგომები და დამოკიდებულება ეს არ არის სპორტი, ეს უკვე სხვა რაღაცაა,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ 5 ფეხბურთელი ბათუმის სტადიონზე მატჩის დასრულებისთანავე დააკავეს. გამოძიება წინა პერიოდებში გამართული ორი შეხვედრით არის დაინტერესებული.
გავრცელებული ცნობით, საქმე ეხება 4 მაისს, „რუსთავისა“ და „ვიტ ჯორჯიას“ შორის გამართულ მატჩს, სადაც „ვიტ ჯორჯია“ 2:0-ს იგებდა, თუმცა უკანასკნელ 15 წუთში 3:2 წააგო. რაც შეეხება მეორე თამაშს, ეს არის 2018 წლის, დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური შეხვედრა, როდესაც „ვიტ ჯორჯია“ თელავთან 0:3 დამარცხდა.