51-ე სკოლის მე-12 კლასელების ბოლო ზარის ვიდეოკლიპი ქუჩური გარჩევის მიზეზი გახდა. სკოლის უკანა ეზოში ახალგაზრდები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. თვითმხილველები მასობრივ ჩხუბსა და დანებზე ლაპარაკობენ. ჩხუბის მას შემდეგ დაიწყო, რაც სკოლის მოსწავლეების ერთი ჯგუფი მათ თანაკლასელებზე იმის გამო გაბრაზდა, რომ კლიპში ქუჩური მენტალიტეტი გააშარჟეს.
51-ე სკოლის ეზოში მე-12 კლასელი ბიჭების უმრავლესობას თეთრ პერანგზე ე.წ. ქურდული ვარსკვლავებიც ეხატათ. ჩხუბის მიზეზზე თავად მოსწავლეები საუბრობენ, მომხდარს არც მშობლები უარყოფენ, თუმცა მათი ნაწილი მოზარდებს შორის დაპირისპირებაში რაიმე განსაკუთრებულს ვერ ხედავს.
თვითმხილველების მონაყოლს უარყოფს მანდატურის სამსახური, სადაც ამტკიცებენ, რომ ჩხუბის შემდეგ მოსწავლეები შეამოწმეს, თუმცა ზედაპირული დათვალიერების შემდეგ არც ერთს დანა არ ჰქონდა.
51-ე სკოლის ეზოში მომხდარი ჩხუბის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე ძალადობის მუხლით დაიწყო.
51-ე სკოლაში დღეს ბოლო ზარი ხორავას ქუჩაზე მოკლული დათუნა სარალიძისთვის და ლევან დათუნაშვილისთვისაც უნდა დარეკილიყო. მათმა კლასელებმა სკოლის ღონისძიებაში მონაწილეობის ნაცვლად მეგობრების საფლავზე გასვლა არჩიეს.