სოფელი ჭუბერი ისევ სტიქიური კატასტროფის ზღვარზეა - შარშანდელი დამანგრეველი სტიქიის შემდეგ, მდინარე ნენსკრას გასწვრივ ნაპირი ჯებირებით გაამაგრეს, თუმცა, მდინარის კალაპოტი ხეებისა და ნაშალი მასალისგან არ გაასუფთავეს. ნაპირსამაგრი სამუშაოების დროს ხელოვნურად შექმნილი კუნძულები მდინარეში დატოვეს.
ჭუბერში ადგილობრივები ჩივიან, რომ უხარისხოდ გაკეთებულმა ჯებირებმა 1 წელიც ვერ გაძლო და ადიდებულმა მდინარემ დაანგრია. ახლა ნენსკრაში ჩაყრილი სამშენებლო ნაგავი და ხეები სოფელს ისევ სტიქიით ემუქრება.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მდინარის კალაპოტის გასუფთავება საკუთარი ძალებით სცადეს, თუმცა, ვერ შეძლეს.
ხელისუფლებას მძიმე ტექნიკასა და საწვავს სთხოვენ, სხვა შემთხვევაში ამბობენ, რომ ამ გაზაფხულზეც, შარშანდელის მსგავსად, ჭუბერი დაიტბორება.
ზემო სვანეთში სტიქიის საფრთხეზე საუბრობენ სპეციალისტები.
მწვანეთა მოძრაობა 2 მდინარეს - ნაკრასა და ნენსკრას აკვირდება. მათი ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ მდინარე ნაკრა ადიდდა და ნაპირსამაგრი ჯებირები მოგლიჯა, ასევე ნენსკრა ჰესის წინასაპროექტო სამუშაოების დროს გაჩეხილი ხეები გაიტაცა.
ნინო ჩხობაძე გარემოს დაცვის სამინისტროს მოუწოდებს, სტიქიის თავიდან ასაცილებლად სპეციალისტები სვანეთში, რაც შეიძლება, სწრაფად გააგზავნოს.
გარემოს დაცვის სააგენტო მდინარე ნენსკრას სპეციალური აპარატურით ონლაინრეჟიმში აკვირდება. სააგენტოში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე სტიქიის საფრთხე არ არსებობს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტით, რომლითაც მდინარე ნენსკრას ნაპირები ჯებირებით გამაგრდა, მდინარის ნარჩენებისგან გასუფთავება გათვალისწინებული არ ყოფილა.
უწყება ნენსკრას მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობას ადგილობრივ ხელისუფლებას აკისრებს, სადაც ამბობენ, რომ სამუშაოების დასაწყებად მდინარის დონის დაწევას ელოდებიან.
2018 წლის 4 ივნისის სტიქიის მიზეზი ხელოვნურად შექმნილი ტბები გახდა, მყინვარზე წყალი დაგუბდა და გადმოხეთქა. ორი დღის განმავლობაში ნენსკრამ ჭუბერში რამდენიმე სახლი დაანგრია, წაიღო საკარმიდამო მიწები.
ავტორი: ემა გოგოხია