NDI-ის კვლევების შედეგები, რომლის მიხედვითაც, გაზრდილია ხელისუფლებისადმი ნეგატიური დამოკიდებულება, ანალიტიკოსებისთვის მოულოდნელი არ აღმოჩნდა.
საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, დავით ჯანდიერი, აცხადებს, რომ მოქალაქეებმა წლების განმავლობაში ვერ დაინახეს სიტუაციის გაუმჯობესება.
„არავითარ ეჭვს არ იწვევს, რომ მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც მიიჩნევს, რომ ქვეყნის განვითარების კურსი არის არასწორი, არის მაღალი. უბრალოდ, ეს კვლევები აჩვენებს იმას, რომ ამ ადამიანების რაოდენობა არის უფრო მაღალი, ვიდრე იყო აქამდე და ეს არის ლოგიკური. არც ერთი მიმართულებით სიტუაციის გაუმჯობესებას ვერ ვამჩნევთ,“ - განაცხადა დავით ჯანდიერმა.
დავით ჯანდიერი სასამართლოს სისტემაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზიც, რის გამოც ნდობა ხელისუფლების მიმართ უფრო მეტად შემცირდა, ვიდრე ეს აქამდე იყო.
„როდესაც მოსახლეობის უმეტესობას მიაჩნია, რომ სასამართლოში არსებული ვითარება არის ცუდი, ეს ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობა ამბობს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით სიტუაცია არის არასახარბიელო. ეს უკვე უიმედო სიტუაცია არის,“ - განაცხადა დავით ჯანდიერმა.