17 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
ცემა, წამება, გაუპატიურების მუქარა - დაზარალებულმა მოზარდმა მოძალადე პოლიციელები ამოიცნო

პოლიციელების მხრიდან ძალადობის მსხვერპლმა არასრულწლოვანმა, მოძალადე სამართალდამცველები ამოიცნო.

არასრულწლოვანი, რომელიც პოლიციას ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და სექსუალური ძალადობის მუქარაში ადანაშაულებს, დღეს დამნაშავეების ამოსაცნობად, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის შენობაში მიიყვანეს.

შემთხვევა კი დაახლოებით 2 თვის წინ, ბოლნისის პოლიციაში მოხდა, როცა არასრულწლოვანი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

მოზარდი ჰყვება, რომ მისგან სამართალდამცველები თანამზრახველების დასახელებას ითხოვდნენ, რის გამოც პოლიცია მას სასტიკად გაუსწორდა. მოზარდს ხელი მოტეხეს, ქამრით სცემეს, გააშიშვლეს და ბოთლით გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.

გამოძიება უკვე 2 თვეა მიმდინარეობს, თუმცა ამ დრომდე, მძიმე ბრალდების მიუხედავად არც ერთი პოლიციელი დაკავებული არ არის.

„დღეს უნდა მომხდარიყო ყველა მოძალადე პოლიციელის ამოცნობა მაგრამ ვინაიდან მოვიდა სამი პოლიციელი, ხდება სამი პოლიციელის ამოცნობა. მათ შორის ერთ-ერთი უკვე აკაკი უგრეხელიძე რომელმაც აწამა, რომელმაც ამ ბავშვის მიმართ გაუპატიურების მცდელობა ჰქონდა და ბოთლი მიადო, ეს პოლიციელი ამოცნობილია. ბავშვმა ამოიცნო. ეს პოლიციელი მოქმედია. ის გახარიამ გადმოიყვანა ბოლნისიდან გარდაბანში და ცდილობდნენ რომ ამ პოლიციელებისთვის დაეფარებინათ ხელი და არ მომხდარიყო მისი გამოაშკარავება და საზოგადოებას არ სცოდნოდა მათი სახელები და გვარები,“-განაცხადა დაზარალებული მოზარდის ადვოკატმა ფრიდონ სიხუაშვილმა

ამავე თემაზე
დღის ამბები