საქსტატის მონაცემები, რომლისაც ხელისუფლების გარდა არავის სჯერა - მმართველი გუნდი ცდილობს დაარწმუნოს ქვეყნის მოსახლეობა, რომ საქართველოში უმუშევრობის პრობლემა არ დგას და უმუშევართა რაოდენობა ბოლო 15 წლის განმავლობაში ისტორიულ მინიმუმზეა. რა მეთოდოლოგია გამოიყენა საქსტატმა ასეთი ციფრების მისაღებად მაშინ, როდესაც ქვეყანაში უმუშევრობა ნომერ პირველი პრობლემაა, ამ თემაზე განმარტებების გაკეთება საქსტატის ხელმძღვანელს დღეს პარლამენტში მოუხდა, სადაც ის დეპუტატების შეკითხვებს პასუხობდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელმა აღიარა, რომ ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობა არ შემცირებულა, გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომელიც სამსახურს არ ეძებს.
„უმუშევრობის მაჩვენებელი შემცირდა ბოლო მონაცემების მიხედვით და ამის ერთ-ერთი მიზეზი გახლდათ ის, რომ დაქირავებულთა ნაწილი დაქირავებულთა კატეგორიაში გადავიდა. და თუ დავაკვირდებით ტენდენციას საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი გადასულია ეკონომიკურად არა აქტიურ მოსახლეობაში. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ გარკვეულმა კატეგორიამ დაკარგა რაღაც სამუშაოს იმედი და თუ აღარ ეძებს მეთოდოლოგიის მიხედვით გადადის უკვე არასამუშაო ძალაში,“-განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ვირტუალურ რეალობას ქმნის. მათი თქმით, "ქართული ოცნება" ოფიციალურ მონაცემებს აყალბებს, რადგან ქვეყანაში უმუშევრობა უმძიმესი პრობლემაა.
„თუ „გვახარებთ“ ბარემ ბოლომდე „გაგვახარეთ“ რა. დაწერეთ ეს ეკონომიკური ზრდა რომ არის 8 %, რომ სიღარიბე საერთოდ აღარ არის. ეს ნახევარ ზომები რად გინდათ?! თუ გაყალბებაა ბოლომდე იყოს, რომ ხალხიც ბედნიერი იყოს. მე გთხოვთ რა, რახან უკვე უკაცრავად ამ სლენგისთვის ფეხებზე დაიკიდეთ რეპუტაცია და სტანდარტი, ბოლომდე გამართული და ბედნიერი ციფრები დავწეროთ,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ.