ბოლნისის რაიონის პოლიციის თანამშრომელი, რომლსაც არასრულწლოვანი ბიჭი სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს, გახარიას უწყებაში დააწინაურეს.
მოძალადე პოლიციელი დღეს მოზარდმა პროკურატურაში ამოიცნო და გამოძიებას კიდევ ერთხელ მოუყვა, როგორ გააშიშვლა ბოლნისის პოლიციის განყოფილებაში უგრეხელიძემ და როგორ ემუქრებოდა საათების განმავლობაში ბოთლით გაუპატიურებით.
არასრულწლოვნის წამებაში ბოლნისის პოლიციის კიდევ 7 თანამშრომელი მონაწილეობდა. ყველაფერი კი თებერვალში დაიწყო, როდესაც ოქროს ქურდობისთვის სამართალდამცველებმა ბოლნისში, 15 წლის მოზარდი დააკავეს. ბრალდებული პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც დანაშაულის თანამონაწილის დასახელება მოსთხოვეს. სასურველ ჩვენებაზე უარის გამო, არასრულწლოვანს პოლიციელებმა ჯერ ქამრით სცემეს შემდეგ კი ხელი მოტეხეს. მოზარდის ცემაში პოლიციის უფროსი, თორნიკე ონიანი პირადად მონაწილეობდა.
თორნიკე ონიანმა დღეს პროკურატურაში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა მოუცლელობის გამო არ მიიღო. არასრულწლოვნის პირდაპირი ჩვენების მიუხედავად, ის პროკურატურას ამ დრომდე არც კი გამოუკითხავს. პოლიციის უფროსის მიმართ, რომელსაც მოზარდი არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაში რამდენიმე თვეა ადანაშაულებს, პროკურატურამ ვერც სისხლის სამართლებრივი დევნის გადაწყვეტილება მიიღო. მას რამდენიმე თვეა მხოლოდ უფლებამოსილება აქვს შეჩერებული.
მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა, ამ დრომდე არავინ დასჯილა.