რუსული დაზვერვის მარტივი სქემა საქართველოში - თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელებულ მანქანების გაზიარების პროექტს, რუსული კომპანია ახორციელებს. აპლიკაცია AiCar-ზე რეგისტრაციის დროს, მოქალაქე უთითებს ყველა პერსონალურ მონაცემს, საბანკო ანგარიშების ჩათვლით.
AiCar-ის ღია მხარდამჭერი თბილისის მერიაა. ამ პროექტით, ნებისმიერ დარეგისტრირებულ მომხმარებელს შეეძლება ელექტრომობილების სადგომზე გაჩერებული მანქანა წაიყვანოს, ერთ გავლილ კილომეტრზე 45 თეთრი უნდა გადაიხადოს, ამას ემატება მანქანაში გატარებული დრო 1 წუთის რვა თეთრი. პროექტის PR კამპანიაში კახი კალაძე პირადად მონაწილებს. დღეს თბილისის მერმა თქვა, რომ პრობლემას ვერ ხედავს, თუ კი ეს ბიზნესი რუსული კომპანიის ხელში აღმოჩნდება.
ის, რაც კახი კალაძეს ალოგიკურად ეჩვენება, რეალური საფრთხეა პროგრამისტებისა და იურისტებისთვის. იხსენებენ, რომ 2008 წელს ომის დროს, მოსკოვმა სამთავრობო საიტები რუსული სოციალური ქსელებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე გათიშა. ჰიბრიდული ომისა და მცოცავი ოკუპაციის პირობებში, სპეციალისტები ამბობენ, რომ რუსულ სპეცსამსახურებს საქართველოს ხელისუფლება მოქალაქეების მონაცემებს საკუთარი ხელით აძლევს.
AiCar-ის მესაკუთრე კომპანია ”ქართლიკარია”, რომლის 100% წილის მფლობელი რუსულ-უზბეკური კომპანია "ბიგ სერვისია", რომელის ხუთიდან ორი მესაკუთრე რუსეთის მოქალაქეა, 25 %-იანი წილს კი დიმიტრი აბდუშელიშვილი ფლობს. ძმები დიმიტრი და ზურაბ აბდუშელიშვილები ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრები არიან. ზურაბ აბდუშელიშვილი „ომეგა ჯგუფის“ სკანდალში ფიგურირებდა, ცოტა ხსნის წინ კი, დიპლომატიური გამოცდილების გარეშე, ის უზბეკეთში საქართველოს სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა.
კომპანიის რუსული წარმომავლობისა და დიმიტრი აბდუშელიშვილის შესახებ კითხვებს არ პასუხობენ AiCar-ში. AiCar-მა სულ 300 ელექტრომობილი უნდა შემოიყვანოს, აბდუშელიშვილმა უკვე დაიწყო ამ ტიპის ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა ქუთაისში. იგეგმება აბასთუმნის ეკო-ქალაქად გამოცხადება.