მაღაროელთა აქცია ჭიათურაში კიდევ უფრო დრამატული ხდება - რამდენიმე პირმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. ჯორჯიან მანგანეზის 15 თანამშრომელი უკვე მეშვიდე დღეა შიმშილობს. გარდა ამისა გაფიცულია დაახლოებით 150 დასაქმებული, რომლებიც ე.წ. ვახტური რეჟიმით მუშაობდნენ. ისინი ხელფასის 50 %-ით გაზრდას ითხოვენ. კომპანია მზად არის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე, თუმცა ეს პირობა გაფიცულებისთვის მიუღებელია. პარალელურად, თავის მხრივ უკანონო გაფიცვაში მონაწილეობისთვის გაფიცულების წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს ჯორჯიან მანგანეზი.
"მეექვსე დღეა, რაც ვშიმშილობთ და ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას, სანამ არ დათანხმდება ჩვენს მოთხოვნებზე. არანაირი სხვა პირობა - უნდა გადაეცეს ეს კომპანია სახელმწიფოს და უნდა მიხედოს სახელმწიფომ, ამის იმედი გვაქვს ყველას, ისევ ამათი იმედი გვაქვს, თორემ ესენი არაფრის გამკეთებლები არ არიან, სიცოცხლის ფასად გვევაჭრებიან,"-აცხადებს მაღაროელი თემურ შენგელიძე.