17 ნოემბერი 2024,   17:25
ვრცლად
პარალიზებული საწარმოები ჭიათურაში - გაფიცულებმა ყველა ის წერტილი გადაკეტეს, საიდანაც მადანი გააქვთ

ჭიათურაში უკიდურესი პროტესტი გრძელდება. გაფიცულმა მაღაროელებმა ყველა ის წერტილი გადაკეტეს, საიდანაც მადანის გატანა ხდება. ჭიათურ-მანგანუმის მთავარი საწარმოს გარდა, პარალიზებულია 17-ვე ის მცირე საწარმო, სადაც ნედლეულს მოიპოვებენ.

მუშების მობილური ჯგუფები ამ წუთებშიც საწარმოებთან პატრულირებენ და სატვირთო მანქანებს არ უშვებენ. მოთხოვნები უცვლელია. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ხელფასის 50%-ით მატებაა, თუმცა მუშები ამბობენ, რომ პირველ ეტაპზე გარკვეულ დათმობაზე მიდიან და 30%-ით გაზრდაზეც თანახმანი არიან, თუმცა მაღაროელები აცხადებენ, რომ წლის ბოლომდე 20%-იც უნდა დაემატოთ.

ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასაც ითხოვენ. მაღაროელები ეკოლოგიაზეც ამახვილებენ ყურადღებას. მათი თქმით, მანგანუმით დატვირთული სატვირთო მანქანები არ უნდა გადაადგილდებოდნენ ქალაქში და აუცილებელია, რომ მადნის რკინიგზით გატანა უნდა აღდგეს. 

„არის ქალაქის გასასვლელები გადაკეტილი, რომ გარეცხილი მარგანეცი არ გავიდეს ქალაქიდან. ზესტაფონმა თუ მიიღო მანგანეცი, ჩვენ საერთოდ არავინ მოგვაქცევს ყურადღებას,“ - განაცხადა ირაკლი ქაშაკაშვილმა.  

თუ დღის ბოლომდე მათი მოთხოვნები არ შესრულდება, მუშები ისევ პირის ამოკერვას აანონსებენ. „ჯორჯიან მანგანეზის“ 15 თანამშრომელი შიმშილობს, თუმცა გაფიცულია 3 ათასამდე მუშა. მათთან მიდიან ადგილობრივი მცხოვრებლები და მაღაროელებს მხარდაჭერას უცხადებენ.

„ჩვენ თუ გავატარეთ მანგანეცი, ფეროც იმუშავებს და ჩვენ არაფერი გვეშველება საერთოდ,“ - განაცხადა ერთ-ერთმა გაფიცულმა, ალიკა ხაჭაპურიძემ.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები