ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე შეხვდა. სულხან სალაძემ იმ მუშების მოთხოვნების შესახებ მოისმინა ინფორმაცია, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ. სალაძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია მხარეებს შორის დიალოგი დაიწყოს და მუშებს „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაცია დაელაპარაკოს, რათა შეთანხმება იქნეს მიღწეული.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ აუცილებელია, პროცესში სახელმწიფო უფრო აქტიურად ჩაერთოს.
„თუ კომპანია გამოსავალს მხოლოდ დასაქმებულების გათავისუფლებაში ხედავს, ეს ვერ მოაგვარებს იმ პრობლემას, რაზეც აქ ადამიანები საუბრობენ აქ და არ არის მხოლოდ საუბარი ანაზღაურებაზე. საუბარია მათ შორის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ თემებზე, მათ შორის ეკოლოგიასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ყოველ შემთხვევაში პირად საუბრებში დღეს ისინი ამ თემასაც აჟღერებდნენ. ალბათ, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და ამ პროცესში აუცილებელია, რომ სახელმწიფოც უფრო ეფექტურად იყოს წარმოდგენილი და ჩართული. ერთი მხრივ, როდესაც ელაპარაკება, რომ მზად არის, მოუმატოს კონკრეტული რაოდენობის ანაზღაურება, მაგრამ მეორე დღეს დილით SMS მიდის, რომ მათ წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავენ და შეწყვეტენ შრომით ურთიერთობას, ცხადია, მეორე საკითხია, შეიძლება ენდონ ადამიანები ამ ტიპის შეტყობინებებს და ამ ტიპის დაპირებებს,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.
"ჯორჯიან მანგანეზის“ 15 თანამშრომელი შიმშილობს და გაფიცულია 3 ათასამდე მუშა. ჭიათურ-მანგანუმის მთავარი საწარმოს გარდა, პარალიზებულია 17-ვე ის მცირე საწარმო, სადაც ნედლეულს მოიპოვებენ.
მუშების მობილური ჯგუფები ამ წუთებშიც საწარმოებთან პატრულირებენ და სატვირთო მანქანებს არ უშვებენ. მოთხოვნები უცვლელია. მაღაროელების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ხელფასის მატებაა. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასაც ითხოვენ. მაღაროელები ეკოლოგიაზეც ამახვილებენ ყურადღებას.
ავტორი: ნინო გაზდელიანი.