მასშტაბური და უკიდურესი პროტესტი ჭიათურაში გრძელდება. მაღაროელებს გადაკეტილი აქვთ მცირე საწარმოები და ელოდებიან ადმინისტრაციის პასუხს. ჭიათურ-მანგანუმის მთავარი საწარმოს გარდა, პარალიზებულია 17-ვე ის მცირე საწარმო, სადაც ნედლეულს მოიპოვებენ. გაფიცულმა მაღაროელებმა ყველა ის წერტილი გადაკეტეს, საიდანაც მადანის გატანა ხდება. "ჯორჯიან მანგანეზის“ 15 თანამშრომელი შიმშილობს და გაფიცულია 3 ათასამდე მუშა.
მაღაროელები ხელფასების ზრდას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. გაფიცულები აცხადებენ, რომ კომპანიის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებას აღარ აპირებენ, რადგან მათგან ყოველთვის ერთსა და იმავე პასუხს იღებენ.
„მეტი მოლაპარაკება არ მოხერხდება. რამდენჯერაც გადავედით მოლაპარაკებაზე, იმდენჯერ ერთი და იგივე პასუხით წამოვედით. ამიტომ, აღარც გადავდივართ. სასაცილოდ გვიგდებენ,“ - განაცხადა ერთ-ერთმა მაღაროელმა, გიგა თაბაგარმა.
მაღაროელები ეკოლოგიურ პრობლემებზეც ამახვილებენ ყურადღებას. მათი თქმით, მანგანუმით დატვირთული სატვირთო მანქანები არ უნდა გადაადგილდებოდნენ ქალაქში და აუცილებელია, რომ მადნის რკინიგზით გატანა უნდა აღდგეს.
„ჩვენ მაგათთან მოლაპარაკება დამთავრებული გვაქვს. ჩვენ ვითხოვთ ჩვენსას, თვითონ ილაპარაკონ და გამოიტანონ დასკვნა და უთხრან ხალხს, რასაც აპირებენ,“ - განაცხადა ერთ-ერთმა მაღაროელმა, თეიმურაზ იაკობაშვილმა.
ჭიათურაში შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია". არასამთავრობო ორგანიზაციისთვის კატეგორიულად მიუღებელია კომპანიის გადაწყვეტილება სამართლებრივ დავასთან დაკავშირებით.
ავტორი: ნინო გაზდელიანი