დავით გარეჯის მონასტრებში მისასვლელი ბილიკები ბლოკირებულია. ქართველმა მესაზღვრეებმა გადაკეტეს ყველა გზა, რომლებითაც სადავო ძეგლებთან მისვლა შეიძლება. აზერბაიჯანელი მხარე კი ამ დროს მძიმე ტექნიკით მუშაობს და ყოველდღიურად ჭრის ახალ ბილიკებს ისტორიულ ძეგლებამდე.
მესაზღვრეების აკრძალვის მიუხედავად აეროგადაღების კამერის ვიდეომასალაში კარგად ჩანს ის მძიმე ტექნიკა, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლებამ კლდეში ნაკვეთის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ შეიყვანა.
ჩიჩხიტურის მონასტრისკენ აზერბაიჯანის ტერიტორიიდან ბულდოზერებით გაჰყავთ გზა. ტექნიკა მთაზე მიწას ჭრის და შეუჩერებლად მუშაობს.
საქართველოს ხელისუფლებამ დავით გარეჯისაკენ მიმავალი გზა იმ დროს ჩაკეტა, როდესაც ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანი ხელისუფლებს შორის საზღვრის დადგენაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი დავით გარეჯთან შეყვანილი მძიმე ტექნიკის შესახებ დღეს ჟურნალისტებისგან გაიგო.
აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა შეზღუდვები დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე 20 აპრილიდან დააწესეს. დიდი პროტესტის შემდეგ კი საქართველოს ხელისუფლებამ თქვა, რომ აზერბაიჯანმა უკან დაიხია და გადაადგილების აკრძალვა მოხსნა.
ერთთვიანი პაუზის შემდეგ, მეზობელი ქვეყანა ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკით შევიდა და საქართველოს ხელისუფლებასთან უკითხავად, ტაძრამდე მისასვლელი გზის გათხრა დაიწყო.