17 ნოემბერი 2024,   17:23
ვრცლად
მაღაროელების გაფიცვა ჭიათურაში და მასშტაბური მსვლელობა - პროტესტმა ახალი მასშტაბები მიიღო

მაღაროელების გაფიცვა ჭიათურაში - პროტესტმა ახალი მასშტაბი მიიღო და მაღაროელებმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყეს. ჭიათურელები კარვებში მოშიმშილეებს სოლიდარობას უცხადებენ და მთავრობას მაღაროელების დახმარებისკენ მოუწოდებენ.
ისინი მძიმე სოციალურ მგომარეობაზე საუბრობენ. მოსახლეობა ამბობს, რომ მმართველი პარტია მათ გვერდში არ დგას და ადგილობრივების მხარდაჭერა მხოლოდ არჩევნებისთვის უნდოდათ.

„ჩამოვიდნენ აქ, შეხვედრა იყო, გივი მოდებაძე წარადგინეს იმ დღეს, მერე ჩამთავრდა არჩევნები და ბატონი კახი კალაძე შეპირდა ხალხს, რომ თქვენ გვერდით დავდგებიო, მის მერე აქ აღარავინ გამოჩენილა,“ - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

აქციაზე მივიდა პარტია ”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილე, გოგი წულაია და მაღაროელებს სოლიდარობა გამოუცხადა.

„ვინც იბრძვის ის სულ იმარჯვებს, ვინც არ იბრძვის, ის ვე გაიმარჯვებს. მადლობას გიხდით და მუხლს ვიდრეკ ადამიანებო თქვენს წინაშე, რომ გაბედეთ და იცავთ თქვენს უფლებებს, თქვენ აუცილებლად გაიმარჯვებთ,“ - განაცხადა წულაიამ.

ცოტა ხნის წინ კი ჭიათურაში მაღაროელების პროტესტმა მასშტაბური ხასიათი მიიღო და კიდევ რამდენიმე მუშამ ამოიკერა პირი. ამის შემდეგ კი ისინი ცუდად გახდნენ და სამედიცინო დახმარების აღმოჩენა დასჭირდათ.

მაღაროელთა პროტესტი უკვე მერვე დღეა, გრძელდება. ჭიათურაში ისევ გაჩერებულია ყველა მაღარო და სამსახურში გასვლაზე უარს ამბობს სამი ათასზე მეტი დასაქმებული. ისინი ხელფასის მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ მოშიმშილეებიც.

 

ავტორი: რუსუდან ჯაბანიშვილი

დღის ამბები