ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის მიერ სექსუალური შევიწროების საქმეზე პირველი დისციპლინური სხდომა გაიმართა. 7 კაციანმა კომისიამ სტუდენტს მოუსმინა, რომელიც ლექტორს ადანაშაულებს. კომისია სტუდენტი გოგონას ინიციატივით დაიხურა.
თავად ლექტორი სხდომას არ ესწრებოდა, რადგან ის საქართველოში არ იმყოფება. ის ასევე ბათუმის საკრებულოს დეპუტატია ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“.
„სტუდენტს ვესაუბრეთ რა გამოიკვეთა, ვერ გეტყვით. არის ფაქტები, არის კონკრეტული მტკიცებულებები, რამდენად საიმედოა, რამდენად შეიცავს ეს დანაშაულის ნიშნებს, ამაზე ვიმსჯელებთ კომისია. დაგეგმილი გვაქვს სხვების გამოკითხვა. სტუდენტს ჰქონდა საჯარო სივრცეში დაფიქსირებული და იმავეს იმეორებს, რომ ორი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, ჩვენთანაც ეს დაადასტურა. ვერ ვგრძნობ, რომ მისი პოზიცია შეცვლილი. თითონ თვლით, რომ საჯარო სივრცეში, ტელევიზიით სახელი და გვარი არ უნდა დასახელდეს,“ - განაცხადა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დისციპლინური კომისიის თავმჯდომარემ, ანზორ ბერიძემ.
სხდომის დახურვის მიზეზებზე სტუდენტის ადვოკატმა ისაუბრა. გოგონას უფლებადამცველის თქმით, სტუდენტმა სხდომის დახურვის გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ის ბულინგის მსხვერპლი არ გახდეს.
„როგორც ჩემ დაცვის ქვეშ მყოფთან შევთანხმდი, მისი ინტერესი იყო, რომ არ გასაჯაროებულიყო ფაქტები, სამომავლოდ ის არ გახდეს ბულინგის მსვერპლი, თუნდაც მეგობრებში, ის არის მეორე კურსის სტუდენტი, მეგობრებში არის უკვე დამოკიდებულება, ამიტომაც მიიღო ასეთი გადაწყვეტილება,“ - განაცხადა ადვოკატმა, ზაზა პაპიძემ.
სხდომა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც დახურული იყო, რასაც მესამე სექტორის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. არასამთავრობოებისთვის ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ისინი უნივერსიტეტში მივიდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების აზრით, უნდა დადგინდეს თუ რატომ შეიცვალა სტუდენტმა პოზიცია საჯაროობასთან დაკავშირებით. ისინი ასევე დაინტერესდნენ, თუ რატომ შეიცვალა გოგონამ ადვოკატი. ცნობილი იყო, რომ მის ინტერესებს „საია“ დაიცავდა, თუმცა სტუდენტს ახლა სხვა ინტერესების დამცველი ჰყავს.
ავტორი: თეა ვაშალომიძე