17 ნოემბერი 2024,   17:22
ვრცლად
დაურეკა, ძალადობის მსხვერპლი ვარ და თუ არ წამიყვან, თავს მოვიკლავო - მოკლული ჩვილის მამის ახლობლები ახალგაზრდების ქორწინების დეტალებზე საუბრობენ

დედის მიერ მოკლული 7 თვის ჩვილის მამა რამდენიმე წუთის წინ პოლიციის განყოფილებიდან გამოვიდა. მიხეილ დვალიშვილი საკუთარი სახლიდან სოფელ აღაიანიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში რამდენიმე საათის წინ გადაიყვანეს.

20 წლის ახალგაზრდა იმ საბედისწერო ღამის დეტალებზე პასუხობდა გამომძიებლების შეკითხვებს, როდესაც საკუთარი შვილი გარდაცვლილი იპოვა. თუმცა, გამოძიება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საქმით არის დაინტერესებული, რომელიც ბავშვის დედასთან ქორწინებას ეხება. როგორც ცნობილია ქორწინების დროს დვალიშვილის მეუღლე არასრულწლოვანი იყო. არ არის გამორიცხული მომავალში პოლიციამ ბავშვის მამა არასრულწლოვანთან სქესობრივ კავშირში დაადანაშაულოს.

დვალიშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ 20 წლის ახალგაზრდა არ უნდა დააკავონ, რადგან ის უდანაშაულოა. მოკლული ჩვილის მამის ახლობლები ამბობენ, რომ ოჯახის შექმნის დროს მიხეილ დვალიშვილმა გოგოს რეალური ასაკი არ იცოდა, ხოლო როდესაც გაიგო, მაშინ 16 წლის გოგოს მშობლებმა ის უკან არ წაიყვანეს.

„მოიყვანეს ახლა მიშა და გვეუბნებიან, რომ უნდა დავკითხოთო და რამდენად რეალური იქნება, მარტო დაკითხავენ, უდანაშაულო ადამიანს დააკავებენ კიდეც, ეს ჩვენ არ ვიცით... მგონი, რომ არარეალურია ამის დაკავება. როგორც შვილმკვდარი მამა, როგორ უნდა დააკავონ, ჯერ ერთი. რეალურად არ მგონია, რომ დაკავების ღირსი იყოს ასეთი გამწარებული მამა,“ - ამბობს მიხეილ დვალიშვილის მამიდა, ნინო დვალიშვილი.

მიხეილ დვალიშვილი რომ უდანაშაულოა, ამაზე საუბრობს მისი ნათლია, ელგა ოდოსაშვილი. ის ამბობს, რომ არასრულწლოვანმა მიხეილ დვალიშვილს დაოჯახებამდე თვითონ დაურეკა და უთხრა, რომ ძალადობის მსხვერპლი იყო. მისივე თქმით, გოგონა დაიმუქრა, რომ თავს მოიკლავდა.

„თვითონ ჩამოვიდა ეს გოგო თავიდან, დაურეკა, ძალადობის მსხვერპლი ვარო და თუკი არ შემიფარებ და არ წამიყვანო, თავს მოვიკლავო, ბავშვი იძულებული გახდა. არც ასაკი იცოდა, სხვათა შორის, სანამ მშობლები არ ჩამოვიდნენ და არ თქვეს, რომ პატარა იყო და არ შეიძლებოდა ჯერ გათხოვება და წასვლითაც, არც წაყვა და არც წაიყვანეს, მშობლებმაც არ იძალავეს. უდანაშაულოა ყველა ვარიანტში,“ - განაცხადა ელგა ოდოსაშვილმა.

მიხეილ დვალიშვილის მამიდა, ნონა დვალიშვილიც იმავეს ამბობს, რასაც 20 წლის ახალგაზრდის ნათლია. ნონა დვალიშვილი ამტკიცებს, რომ ოჯახმა არასრულწლოვანი უკან არ წაიყვანა.

„ნამდვილად არ უნდა დააკავონ, ჯერ არ იცოდა რა ასაკის იყო. გამოექცა დედას, ამბობდა, რომ დედის გამო წამოვედი, მიშველეთ, თუ არა თავს მოვიკლავ და ამ ბავშვმა შეიფარა. მშობლები ჩამოვიდნენ, ასაკი კი გავიგეთ, მაგრამ არ გაჰყვა მშობლებს და არ უძალადიათ წაყვანა და მართლა მსხვერპლია მიშო,“ - განაცხადა ნონა დვალიშვილმა.

დღის ამბები