გაფიცული ჭიათურელი მაღაროელების პროტესტს და მათ მოთხოვნებს ჯორჯიან ემერიქან ელიოზის ჯგუფის ქართული მხარის ფინანსური დირექტორი, მერაბ ლომინაძე, პასუხობს და აქციის მონაწილეებს მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებს.
მისივე თქმით, გაფიცული მაღაროელების მოთხოვნებიდან უმეტესი ნაწილი უკვე დაკმაყოფილებულია. რაც შეეხება ხელფასის ზრდას, რომელიც მაღაროელებისთვის პრინციპულ საკითხს წარმოადგენს, მერაბ ლომინაძე ამბობს, რომ კომპანიამ დასაქმებულებს უკვე შეთავაზა ანაზღაურების ეტაპობრივი ზრდა.
„მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა ჩვენს თანამშრომელს, ყველა ჩვენს კოლეგას, რომელიც დღეს არის გაფიცული, რომელიც არ ცხადდება სამუშაო ადგილებზე იმისკენ, რომ გამოვიდნენ მოლაპარაკებებზე, გამოიყოს ჯგუფი, დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან და კონსტრუქციული დიალოგით მოხდეს ყველა იმ პრობლემური საკითხის გადაწყვეტა, რომელიც მათ დააყენეს. იმ დაყენებული 4 საკითხიდან, რომელიც ჩვენთვის გახდა ცნობილი, პრაქტიკულად, ყველა საკითხი, გარდა ხელფასისა, არის გადაწყვეტილი. ხელფასთან დაკავშირებით კომპანიამ გააკეთა საკმაოდ სოლიდური წინადადება, რომელიც უნდა განხილულ იქნას და შეჯერდეს ჩვენივე თანამშრომლებთან. ჩვენ ვთავაზობთ, ჯამში, ეტაპობრივად 25-პროცენტიან მატებას, ეს უპრეცენდენტო მატება არის,“ - განაცხადა მერაბ ლომინაძემ.
ჭიათურაში გაფიცვა 15 მაისს დაიწყო. აქციის მონაწილეთა ნაწილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას, მიმართა და უკვე მე-9 დღეა, შიმშილობს. მათმა ნაწილმა პირი ამოიკერა.
დღეს მოშიმშილეები და ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომლები კარვებიდან დროებით გამოვიდნენ და საპროტესტო მსვლელობა ქალაქის ქუჩებში გამართეს.
ისინი ხელფასების გაზრდის და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
აქცია მასშტაბურ ხასიათს იძენს. დღეს გაფიცულ მაღაროელებს ტყიბულელი მეშახტეები და ზესტაფონიდან სამოქალაქო აქტივისტები შეუერთდნენ.