17 ნოემბერი 2024,   17:29
ვრცლად
საპროტესტო აქცია ახალქალაქში - ოპოზიციის დაკავებული მხარდამჭერის გათავისუფლება პოლიციის უფროსს მოსთხოვეს

საპროტესტო აქცია ახალქალაქის ცენტრში - ოპოზიციის დაკავებული მხარდამჭერის, კიმ კუნგოიანის, ახლობლები ადგილობრივი პოლიციის უფროსს შეხვდნენ. აქციის მონაწილეები იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული კუნგოიანის გათავისუფლებას ითხოვდნენ.

მათი თქმით, ოპოზიციის მხარდამჭერს იარაღი ჩაუდეს. კუნგოიანის დაკავებას მისი ახლობლები პოლიტიკურ რეპრესიებს უკავშირებს და აცხადებენ, რომ ოპოზიციის მხარდამჭერი ხელისუფლებამ მისი პოლიტიკური აქტიურობის გამო დააკავა. მათი თქმით, სამართალდამცველებმა მას იარაღი ჩაუდეს.

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი კუნგოიანს თავდებში უდგებოდა. მიუხედავად ამისა, პოლიციის უფროსმა დაკავებულის მამას და დეპუტატს განუცხადა, რომ ეს მის უფლებამოსილებაში არ შედიოდა და ამ შუამდგომლობით მათ სასამართლოსთვის მიემართათ. 

სასამართლო პროცესი, სადაც მოსამართლემ დაკავებული სამოქალაქო აქტივისტისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ უნდა იმსჯელოს, ზეგ გაიმართება. დაკავებულის ახლობლები აპირებენ, რომ აქცია სასამართლოსთანაც გამართონ და კიმ კუნგოიანის გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვონ. 

„გუშინ მოვედი, რომ გამეგო, რატომ მიიყვანეს ჩემ შვილი განყოფილებაში. მითხრეს, რომ ნახევარი საათი დამეცადა. ველოდეთ. გავიდა ერთი საათი. დაიწყო წვიმა, ცუდად გავხდი და დაცვას ვთხოვე, რომ სასწრაფო გამოეძახებინა. მითხრეს, რომ უფლება არ ჰქონდათ და ამის ნებას არ აძლევდნენ. იძულებული გავხდი, თავად დამერეკა სასწრაფო დახმარებაში. დაკავების შემდეგ, დაახლეობით, საღამოს 7 საათზე სახლშიც მოვიდნენ და გაჩხრიკეს. დაწერეს, რომ ვერაფერი აღმოაჩინეს და ამას ჩვენც მოვაწერეთ ხელი. შემდეგ კი წავიკითხე სტატია, რომელშიც ეწერა, რომ ჩხრეკის დროს ცეცხლსასროლი იარაღი და რევოლვერი იპოვეს. ჰქონდათ უფლება, ასეთი არასწორი ინფორმაცია მიეწოდებინათ მთელი ერისთვის?“ - განაცხადა დაკავებულის დედამ.

კიმ კუნგოიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია და საპრეზიდენტო არჩევნების დროს რეგიონში ოპოზიციის კანდიდატის სასარგებლოდ აქტიურობდა.

სპეცოპერაცია ოპოზიციის მხარდამჭერის დასაკავებლად ახალქალაქში გუშინ ჩატარდა. დაკავების ოპერაციაში სპეცდანიშნულების რაზმი მონაწილეობდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები