17 ნოემბერი 2024,   17:23
ვრცლად
ივანიშვილმა ხეების ჩეხვის ახალი ეტაპი დაიწყო - იმერეთში უნიკალური ჯიშის ხეებს ჭრიან

ბიძინა ივანიშვილმა ხეების ჩეხვის ახალი ეტაპი დაიწყო. გურიის და აჭარის შემდეგ ხეებს იმერეთში ჭრიან. კურიერის აეროგადაღების კამერამ მოჭრილი ხეები დააფიქსირა. მოჭრილი უნიკალური ჯიშის იმერული მუხა და ძელქვა გადაშენების პირასაა და ნადგურდება. სწორედ ამის გამო, ორივე ჯიში წითელ წიგნში შეიტანეს. ხეებს, რომელიც გადარჩა, ბიძინა ივანიშვილის კომპანია ატუ ჭრის.

ხეების მოჭრის ბრძანება საქართველოს პრემიერმა გასცა. ეს მამუკა ბახტაძის განკარგულებაში წერია, რომ ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობისთვის ხეები საღორიის ტყის ბუნებრივი გარემოდან უნდა ამოიღონ.

ადგილზე მისულმა კურიერის გადამღებმა ჯგუფმა ნახა, რომ ხეები იჭრება. აეროგადაღების კამერის გარეშე, მაღალი ღობის მიღმა გაჩეხილი ხეების ნახვა შეუძლებელია. დაცვა ჩეხვის ამბავს მალავს.

ელექტროხერხებით უკვე გადაჭრეს 109 ძელქვა და იმერული მუხა. დანარჩენი ხეები კი სამშენებლო ტექნიკამ დააზიანა და ფესვიანად მოგლიჯა.

ქუთაისში ხეები ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას ეწირება. სამოქალაქო აქტივისტების ამბობენ, რომ პროექტი კარგია და უხარიათ, რომ მათ ქალაქში 60 ათასი სტუდენტი ისწავლის, თუმცა არ უნდათ, რომ ეს ყველაფერი საღორიის ტყის ხარჯზე მოხდეს.

რატომ ანადგურებს უნიკალური ჯიშის ხეებს ბიძინა ივანიშვილი მაშინ, როდესაც ქართუ ჯგუფს მისი გადატანა შეუძლია? - სამოქალაქო აქტივისტები ქართული ოცნების ლიდერს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებენ. მათი აზრით, როდესაც ივანიშვილს ხეები საკუთარი ეზოსთვის სჭირდება, გადააქვს, როდესაც საქმე უნიკალურ ტყეს ეხება, ჩეხავს.

მამუკა ბახტაძის ბრძანებით, წითელ წიგნში შეტანილი ასწლოვანი მუხა და ძელქვა ქართუ ჯგუფმა სახელმწიფოს უნდა გადასცეს. გარემოს დაცვის მინისტრი ამბობს, რომ ხეებს შეშად გამოიყენებენ. ის მათ მოჭრაში პრობლემას ვერ ხედავს.

ქართუ ფონდში კურიერს დაუდასტურეს, რომ ხეების მოჭრა ისევ გაგრძელდება და 109 მუხა და ძელქვა მხოლოდ დასაწყისია. ადგილზე ჩასული ქუთაისელები ამბობენ, რომ, თუ ივანიშვილის კომპანია ვერ შეაჩერებენ, ქალაქი კატასტროფამდე მივა.

დღის ამბები