17 ნოემბერი 2024,   17:37
ვრცლად
101 წელი დამოუკიდებლობის დღიდან - რესპუბლიკის ბაღში პოლიტიკური ემიგრაციის მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნა

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მთელი დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი სხვადასხვა კულტურულ და შემეცნებით პროგრამას დაეთმობა. რესპუბლიკის ბაღში დღევანდელ დღესთან დაკავშირებით პოლიტიკური ემიგრაციის მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნა. ცერემონიას ქვეყნის პრეზიდენტი და მთავრობის წევრები დაესწრნენ.

ძეგლი დარეჯან ბერეკაშვილის მიერ, ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანის“ მოტივებზეა შექმნილი და საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი პოლიტიკური ემიგრანტების ხსოვნას ეძღვნება.  

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მემორიალით პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს ხსოვნას, პირველ რიგში პოლიტიკური ემიგრაციის მსხვერპლთა ხსოვნას, რომელიც არ შეეგუა ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას და იმ სიტუაციაში მოუწიათ ქვეყნის დატოვება, მაგრამ ქვეყნის გარედან მათ მიერ გაწეული საქმიანობა და ქმედებები, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იყო მიმართული იქით, რომ ის დღე დამდგარიყო, რომელიც შემდგომ უკვე სხვა თაობებმა მოიტანა, მაგრამ, ფასდაუდებელია მათი წვლილი და დღეს, რომ საქართველო არის ისე ახლოს, როგორც არასდროს ევროპასთან, ეს სწორედ იმ ადამიანების დამსახურებაა,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.

პოლიტიკური ემიგრაციის მსხვერპლთა მემორიალის გახსნის ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც 26 მაისის შესახებ ისაუბრა. 

„ეს არის მართლაც საერო დღესასწაული, რომელსაც ყველა უნდა ვგრძნობდეთ, თუ რას ნიშნავს, იმიტომ რომ ეს დღე თუ დღეს შეგვიძლია რომ ესე თავისუფლად ვიზეიმოთ, თავისუფლების მოედანზე, რუსთაველზე, პირველი რესპუბლიკის ბაღში, ეს იმიტომ რომ მივაღწიეთ იმ დამოუკიდებლობას. ბევრი წლები იყო, როცა სიტყვები 26 მაისზე იყო აკრძალული და ბევრიო წლები იყო, როცა ბევრმა არ იცოდა, რას ნიშნავდა 26 მაისი“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ადგილზე იმყოფებოდა საფრანგეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე, ოთარ ზურაბიშვილი, რომელმაც პოლიტიკური ემიგრანტების დამსახურების შესახებ ისაუბრა. 

„ეს არის 70 წელი საქართველოს ისტორია, რომელმაც შეასრულა და წაიყვანა დამოუკიდებლობისკენ მუჭა პოლიტიკური ემიგრანტებისამ. მოვიხადეთ სიმბოლური ვალი, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ მოვიხდით რაც არის ჩვენი მომავლის ვალი, ჩვენი საქართველოს გაძლიერება, ეს არის ჩვენი მთავარი ვალი," - განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა. 

 

დღის ამბები