საქართველოს დემოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე არა ერთი გამოფენა გაიხსნა. მათ შორის, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე პირველი რესპუბლიკისადმი მიძღვნილი ფოტო გამოფენა გაიხსნა.
გამოფენას „ევროპული საქართველოს“ წევრები დაესწრნენ. მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბლოკიდან ”ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები,” შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას დაცვა სჭირდება და საუკეთესო გზა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაა.
„დამოუკიდებლობას სჭირდება მოვლა და დაცვა. ჩვენს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას დაცვა სჭირდება რუსეთის ფედერაციისგან. ერთადერთი გზა, ამ საშიშროებისგან თავის დაცვისა, რადგან რუსეთი ცდილობს მთლიანადაც დაეპატრონოს ჩვენს ქვეყანას, არის საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში“ - განაცხადა შალვა შავგულიძემ.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის შესახებ ისაუბრა ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალური მდივანმა, გიგი უგულავამ.
„ეს არის ერთობლივი ზეიმი, იმიტომ რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა იყო, არის და რჩება ზეპარტიული ამოცანად და ჩვენ შარშან ეს ტრადიცია დავამკვიდრეთ და 18-21 წლის ამსახველ გამოფენას ჩვენი ძალებით ვურთავთ ხოლმე სადღესასწაულო ღონისძიებებში და მიხარია, რომ ბევრი ადამიანი მოდის და აკვირდება, კითხულობს, აინტერესებს. რაც მთავარია, დღეს როგორც მე ვნახე, სამწუხაროდ, ეს კონტექსტი მთლიანად გამქრალია ოფიციალური სადღესასწაულო ღონისძიებებიდან, რაც მიმაჩნია, რომ არასწორია“ - განაცხადა გიგი უგულავამ.
დღეს, მთელი დღის განმავლობაში, რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. 26 მაისთან დაკავშირებით, გაიმართება როგორც მუსიკალური ღონისძიებები, ასევე კონცერტს გამართავენ ქორეოგრაფიული ანსამბლები. ასევე, პარლამენტის წინ გახსნილია გამოფენა, რომელსაც „თბილისის ლაბირინთი“ ეწოდება.