საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის ყველა ქალაქში აღნიშნეს. ზუგდიდში სამხედრო შეიარაღებასთან ერთად, წარმოდგენილი იყო საპოლიციო და სამაშველო ტექნიკა.
დამოუკიდებლობის დღე მოსახლეობას სწორედ ზუგდიდიდან მიულოცა ქვეყნის პირველმა ვიცე-პრემიერმა.
„გილოცავთ 26 მაისს, ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე. რა თქმა უნდა, 26 მაისი არის ის მიღწევა, რომლისთვისაც ამ ქვეყნის თაობები იბრძოდნენ. წარმოუდგენელია დამოუკიდებლობა, თავისუფლება ერთიანი ქვეყნის გარეშე. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ზუგდიდიდან, ისევე როგორც გორიდან, ეს აღქმა ამ დღის არის ბევრად უფრო მძაფრი და ემოციური,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს გორში, სადაც სხვადასხვა სახის აქტივობა მოეწყო, მათ შორის გასართობი და შემეცნებითი. წარმოდგენილი იყო ევროკავშირის სტენდი, სადაც მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ, თუ რა პროცედურები უნდა გაიაროს მოქალაქემ შენგენის ზონაში გადასაადგილებლად.
დამთვალიერებელს ასევე საშუალება ჰქონდა დაეთვალიერებინა სამხედრო ჯავშანტექნიკა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა დილიდან, სხვადასხვა ღონისძიების დაიწო ქუთაისში. გამოფენილი იყო სამხედრო ტექნიკა, დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა ადგილობრივ ნაწარმს. 26 მაისი ქუთაისში კონცერტით დასრულდება.
თეატრალიზებული წარმოდგენებით და საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნეს დამოუკიდებლობის დღე გურიაშიც. წარმოდგენილი იყო სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება.
ღონისძიების ფარგლებში ქართული ღვინის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ბავშვებისთვის კი მოეწყო გასართობი სივრცეები, ღონისძიების ბოლოს კი გრანდიოზული კონცერტი დაასრულებს.