ევროპის დედაქალაქში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. ბრიუსელის მერიამ ტრადიციას არც წელს უღალატა და ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მისულებს ქალაქის მთავარი სიმბოლო, პატარა ბიჭის ქანდაკება ჩოხაში ჩაცმული დაახვედრა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქართველ ემიგრანტებთან ერთად, ადგილობრივებმა და ტურისტებმაც იზეიმეს.
ქართველი ემიგრანტები ამბობენ, რომ ევროპის დედაქალაქში გამართული ღონისძიება არის პირდაპირი აღიარება, რომ საქართველო ევროპის ნაწილია.
„ქართველი თავისუფლების მოყვარე ერია და ბუნებრივია, რომ ეს დიდი ბრძოლა, რომელიც საუკუნეები გრძელდებოდა და 21 წელს რაღაც განსაკუთრებული თავისუფლებით პირველი რესპუბლიკით დაგვირგვინდა და იმის მერე უკვე 100 წელი გავიდა... ევროპის დედაქალაქში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა ბელგიისა და ჰოლანდიის ექსარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე დოსითეოსმა (ბოგვერაძე.)
ღონისძიებას დაესწრო საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიასა და ლუქსემბურგში, მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში, ნატალი საბანაძე.
„ეს ჩვენთვის უკვე ტრადიციაა, ყოველთვის 26 მაისს, ამ პატარა ბიჭუნას ვაცმევთ ქართულ ჩოხას, იმიტომ რომ ეს არის არამხოლოდ ბრიუსელის სიმბოლო, არამედ ბელგიის, მაგრამ არის თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო, იუმორის, ცხოვრების სიყვარულის,“ - განაცხადა ნატალი საბანაძემ.