შალვა შავგულიძე და ლადო კახაძე - მთაწმინდაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს 9 ივნისს არჩევანის გაკეთება ამ ორ კანდიდატს შორის მოუწევს. „ქართული ოცნების" კანდიდატმა ოპოზიციის კანდიდატის დამარცხება პირველ ტურში ვერ შეძლო. რომელი მათგანი შევა პარლამენტში, კანდიდატების ბედს არჩვენების მეორე ტური გადაწყვეტს. „ევროპული საქართველოს“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი შალვა შავგულიძე, რომ ანგარიშგასაწევი კონკურენტია, ეს წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილის თავდასხმებმაც დაადასტურა, რომელმაც გირგვლიანის საქმეში გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლე ლევან მურუსიძე გაამართლა. ივანიშვილის განცხადებით ის, რომ დამნაშავეები სათანადოდ არ დაისაჯნენ, მაშინდელი ადვოკატის შალვა შავგულიძის ბრალია.
მთაწმინდელები ამბობენ, რომ ისინი არჩევანს სწორედ მურუსიძესა და შავგულიძეს შორის აკეთებენ და კახაძის გამარჯვება მათ უფრო ძვირი დაუჯდებათ ვიდრე ივანიშვილის გადახდილი ფულია. მთაწმინდაზე რეგისტრირებული ცნობილი სახეები შალვა შავგულიძეს მხარდაჭერას ღიად უცხადებენ და ამბობენ, რომ ის პატარა გამარჯვება, რომელიც პირველ ტურზე ოპოზიციამ მოიპოვა, 9 ივნისს საბოლოოდ უნდა გაფორმდეს.