მაჩალიკაშვილის საქმე ერთ-ერთ მთავარ პრობლემურ საკითხადაა დასახელებული სახალხო დამცველის ანგარიშში. როგორც ომბუდსმენის ყოველწლიურ მოხსენებაშია ნათქვამი, ამ დრომდე ვერ მოხერხდა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გამოძიება.
მისივე შეფასებით, პროცესი გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს. 450-გვერდიან ანგარიშს ნინო ლომჯარია ადამიანის უფლებათა კომიტეტს დღეს წარუდგენს.
ლომჯარიას თქმით, დღემდე პასუხგაუცემელია მთავარი კითხვა, რამდენად პროპორციული იყო მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ გამოყენებული ძალა.
ომბუდსმენის თქმით, მასალების გაცნობის და დაკვირვების უფლება სათანადოდ არ ეძლევა, ისევე, როგორც 19 წლის მოკლული მოზარდის ოჯახს არ აქვს დაზარალებულის ადგილმონაცვლის სტატუსი, რაც ასევე, ინფორმაციულ ვაკუუმში აყენებს მაჩალიკაშვილებს.
„უკვე წელიწადნახევარი გავიდა გარდაცვალების მომენტიდან, სამწუხარო ტრაგიკული შემთხვევიდან და ჩვენ კვლავ არ ვიცით გამოძიების პასუხები, რა ვითარებაში დაიღუპა თემირლან მაჩალიკაშვილი. ეს იწვევს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ მღელვარებას და პროტესტის გრძნობას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დრო იყო საკმარისი იმისთვის, რომ გარკვეული შედეგები და პასუხები არსებობდეს გამოძიების მხრიდან,“ - განაცხადა ლომჯარიამ.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი წელიწადნახევრის წინ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თავში დაიჭრა, რამდენიმე დღის შემდეგ კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.