17 ნოემბერი 2024,   17:16
ვრცლად
გორთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალი გადაკეტილია - ადგილზე სამართალდამცავების დიდი რაოდენობაა მობილიზებული

გორთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალი გადაკეტილია. 7 სოფლის მოსახლეობა ხელისუფლებისგან სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს.

საპროტესტო აქციაზე ვითარება რამდენჯერმე უკიდურესად დაიძაბა. შემთხვევის ადგილზე სოფლის მეურნეობის მინისტრს ელოდებიან.

რამდენიმე ასეული ადამიანი სახლში წასვლას იქამდე არ აპირებს, ვიდრე მთავრობისგან კონკრეტულ პასუხს არ მიიღებს.

გორი-თბილისის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე უპრეცენდენტო რაოდენობის სამართალდამცველი არის მობილიზებული. ადგილზე იმყოფებიან 30-ზე მეტი საპატრულო ეკიპაჟის წარმომადგენლები. ასევე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებიან.

მოსახლეობის პროტესტი კი გორის გამგეობასთან გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ გამწვავდა. მათ მერიასთან ითხოვეს, რომ სტიქიის გამო ზარალი აენაზღაურებინათ.

მერთან შეხვედრის შემდეგ კი მათ განაცხადეს, რომ დამაკმაყოფილებელი შედეგი ვერ მიიღეს და მაგისტრალისკენ გამოემართნენ, სადაც გზის გადაკეტვა სამჯერ სცადეს.

„ამდენი ზარალი გვაქვს სოფლებს, ერთი არავინ ამოვიდა არც სოფელში, არც აქ მოდიან, გამოვედით, ძაღლად აღარ გვაგდებენ, რა გახდა მაგათი ერთი ჩამოსვლა,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა ამბობს, რომ თუ მათ მოთხოვნებს ხელისუფლება არ დააკმაყოფილებს, ისინი თბილისისკენ კოლონებად გამოემართებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები